შსს ვანო მერაბიშვილს განმეორებით დაკითხავს

შსს ვანო მერაბიშვილს განმეორებით დაკითხავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  განცხადებას სააგენტო ,,ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ. 

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.

"იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: