სერგი კაპანაძე: პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილება სწორი იყო

სერგი კაპანაძე: პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილება სწორი იყო

"ჩვენი პოზიცია ძირითადად,  ევროკავშირისას ემთხვევა. რეზოლუციის მხარდაჭერა არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა პალესტინის მიმართ. აქამდე ეს არ მოქმედებდა ორმხრივ ურთიერთობებზე საქართველოსა და ისრაელს შორის და იმედია, არც ახლა იმოქმედებს".

 

ეს განცხადება სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ გააკეთა. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არ ფიქრობს, რომ ამით საქართველო-აშშ-ის ან საქართველო-ისრაელის ურთიერთობები დაზარალდება.  

 

"მესმის, რომ აშშ-სა და ისრაელს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ და საქართველო მათთან ურთიერთობებს უნდა მოუფრთხილდეს, თუმცა ამავდროულად, მესმის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საქართველოს პალესტინა უკვე აღიარებული ჰყავს და დიდი ხანია, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. აქედან გამომდინარე, ეს რეზოლუცია არაფერს ცვლიდა პალესტინის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში. ამავდროულად, ეს რეზოლუცია იყო ძალიან "ლაითი" წინა რეზოლუციის ფორმებთან შედარებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობას გულისხმობდა. შესაბამისად, მესმის მოტივაცია, რის გამოც საქართველომ ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

კაპანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოტივაციას ისრაელიც და აშშ-ც გაგებით მოეკიდებიან. 

 

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის აზრით, ეს ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხეს არ ქმნის. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: