„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სამხედრო რწმუნებულის აუცილებლობას ვერ ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სამხედრო რწმუნებულის აუცილებლობას ვერ ხედავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალი ინსტიტუტის - სამხედრო რწმუნებულის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 6 ნოემბერს დარეგისტრირდა.

განცხადების თანახმად, კანონპროექტი სამხედრო რწმუნებულის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც თითქმის იგივე უფლებამოსილება და სამართლებრივი გარანტიები გააჩნია, რაც სახალხო დამცველს, თუმცა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზეა ფოკუსირებული.

„მიგვაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის, რომლის შექმნაც სახელმწიფო ბიუჯეტს 465 760 ლარი დაუჯდება, ცალკე არსებობის საჭიროება არ არსებობს. უფრო მარტივი და ეფექტური იქნება, თუკი ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის ფუნციებსა და შესაძლებლობებს გავზრდით, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური სამსახურის შექმნის გზით“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი“ სახალხო დამცველს აძლევს მანდატს, დაიცვას ყველა ადამიანის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების უფლებები და ამ მიზნით „დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში.

„ახალი ინსტიტუტის შექმნა დღის წესრიგში ქართულ ჯარში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემდეგ დადგა, რამაც აჩვენა, რომ ჯარში ადამიანის უფლებები არასათანადოდ იყო დაცული. თუმცა, ადამიანის უფლებების დარღვევა, მხოლოდ  ჯარში არ ხდებოდა. გასულ წლებში აქტიურად ირღვეოდა, როგორც პატიმართა, ისე სხვათა უფლებები“ - აცხადებენ „გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, თუ სახელმწიფოს სამხედრო სფეროში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების უკეთ დაცვა სურს, უმჯობესია მიზნობრივი დაფინანსება  სახალხო დამცველის აპარატს გაეზარდოს და აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ ცალკე დეპარტამენტი შეიქმნას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ გზით ჯარისკაცთა უფლებების დასაცავად იმ  გამოცდილებისა და ადამიანური რესურსების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რომელიც სახალხო დამცველს უკვე გააჩნია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: