ევროკავშირი ფინანსთა სამინისტროს დაეხმარება

ევროკავშირი ფინანსთა სამინისტროს დაეხმარება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში სახელმწიფო ფინანსების  მართვის  რეფორმის (PFM) კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, აღმოსავლეთ სამეზობლოს გეოგრაფიული კოორდინირების განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეა ფონტანა, ევროპის დახმარების სამსახურის ოფიცერი თანამშრომლობის სფეროში ინგრიდ შვაიგერი და ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში პიერ დიუბმანი ესწრებოდნენ.

როგორც ხადურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო ფინანსების მართვის პროგრამა  ბიუჯეტის გამჭვირვალობას და საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ვისაუბრეთ 2014-2017 წლების გეგმებზე, მათ შორის, სამი ძირითადი მიმართულებით:  პირველი შეეხება ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდას, მის გამჭვირვალობას, მეორე ესაა ფისკალური დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვიმმართველობების უზრუნველყოფა საკუთარი ფულადი შემოსავლებით და მესამე -  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით,  შეხვედრაზე მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი ფინანსთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაში დაეხმარება.

ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკისა და საბიუჯეტო პროცესის განვითარების შესახებ სერიოზული ხედვის ჩამოაყალიბებას შეძლებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: