შეეწირება თუ არა სამართლიანობის მოთხოვნას მოსამართლე დავით ჩუბინიძე და მამუკა ტუღუში?

შეეწირება თუ არა სამართლიანობის მოთხოვნას მოსამართლე დავით ჩუბინიძე და მამუკა ტუღუში?

უკანონო დაპატიმრებები უცხო არ იყო " ნაციონალური მოძრაობისთვის".  ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდიდა და დღესაც იხდის სასჯელს. დაპატიმრებების ძირითადი მიზანი  ბიზნესის ჩამორთმევა, ფულადი ჯარიმები, სააპელაციოს სახით ბიზნესმენების გაკოტრება ხდებოდა.


სწორედ ამ მოტივით, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების"  ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი და შპს "კრეატივის" დამფუძნებელი დირექტორი, ყოფილი პატიმარი, ვალერიან გელაშვილი რეალური დამნაშავეების დასჯას და კომპენსაციას ითხოვს.


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალშეგრძნებისა თუ არა,  სამართლიანობის აღდგენის მოლოდინმა  მაინც იმატა, "ნაციონალური მოძრაობის"  მიერ არასამართლებრივად დაკავებულთა  და დაზარალებულთა სია დღითიდღე იზრდება.


ვალერიან გელაშვილი,  შპს "კრეატივის" დირექტორი:  "ჩემი დაკავება და დაკითხვა განხორციელდა  უადვოკატოდ  ფინანსური პოლიციის შენობაში. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსმა და აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს შეფმა - მამუკა ტუღუშმა საკუთარ კაბინეტში, ოთახის  შუაგულში, სავარძელზე დამსვა და მომთხოვა ვლადიმერ საყვარელიძისა და  ილია დალაქიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა. უარი რომ მიიღო,  შეურაცხყოფაზე გადავიდა,  მცემდა და მაგინებდა! დაკავებიდან  რაღაც დროის შემდეგ,  ჩემი და ჩემი ძმის "საქმე" გააქრეს, რადგან  ბრალდება ვერ დაამტკიცეს. ერთი წელი და ერთი თვე ვიჯექი გლდანის მე-8 საპყრობილეში, ამასობაში კი, ოჯახს 40 000 ლარი გადაახდევინეს საპროცესოს სახით, რომლის წინააღმდეგიც ვიყავი და ბრალს არ ვაღიარებდი!


როცა  პარტია "თავისუფალ დემოკრატებთან" ჩემი კავშირი გაარკვიეს, ზეწოლა გააორმაგეს!"


საინტერესოა, ჩვენს ქვეყანაში  უადვოკატოდ, იძულებით დაკითხვას,  აქვს თუ არა ღირებულება და  ითლება თუ არა დაუშვებელ მტკიცებულებად?! თითქოს და კანონიერების სრული დაცვით, როგორ "იკერება" საქმეები და  ქრება მასალები?!  რა პირობები იყო ციხეში და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს? რატომ და როგორ ინარჩუნებენ ახალი ხელისუფლების პირობებში თანამდებობებს შეურაცხყოფილი და ნაწამები პატიმრების მიერ "ჯალათებად" შერაცხული მაღალჩინოსნები? ეს ის კითხვებია, რომლებიც ჯერ კიდევ ფართო საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს და აქტუალობას არ კარგავს. რაც შეეხება ბრალდებულ ვალერიან გელაშვილის "შეკერილ" საქმეს, (როგორც თითონ აცხადებს) საინტერესოა, ხომ არ მოხვდა დამწვარ დოკუმენტებს შორის?


 ყველას კარგად გვახსოვს, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე,  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში და ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით საბუთების დაწვის ამბავი.


 "ინფო 9"-მ უკვე დამწვარი დოკუმენტები გადაიღო. ცეცხლს გადარჩენილ ქაღალდებში გარკვევით ჩანს პოლიციის თანამშრომლების, მაგალითად, ზონის უფროსების ფოტოები მინაწერებით (რომელიც ჟურნალისტთა ეთიკის კოდექცსის შესაბამისად არ გამოქვეყნებულა).


როგორც  "ივერიონის"  საინფორმაციო წყარო ვალერიან გელაშვილი ყვება, მან როგორც შპს "კრეატივის" დირექტორმა, თბილისში ილია დალაქიშვილისგან ლილოს ტერიტორიაზე იყიდა  პროდუქცია (160 ტონა ნავთობ-ნარჩენების სახით) კუთვნილი საწარმოსთვის. დაჭერის შემდეგ უმტკიცებდნენ, რომ  საქონელი იყო ნედლი ნავთობი, არადა სამხარაულის ექსპერტიზამ ეს უარყო.


მისივე განმარტებით,  ზეწოლის შედეგად აიძულებდნენ ეღიარებინა ვითომდა ეს ტვირთი არაკანონიერად მოიპოვა.

საქმეში ფიგურირებენ სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც დაკავებული ჰყავდათ. როგორც გელაშვილი ამბობს, მათ თავისუფლების სანაცვლოდ მოაწერინეს ხელი რაღაც აფსურდზე და სასამართლოზეც მუქარით ათქმევინეს, თითქოს ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ. ასევე გელაშვილის განმარტებით, ეს საქმე "შეთითხნეს" ,  მას და მის ძმას ისეთი ხალხის დაჯგუფების წევრობა დასწამეს, რომლებიც ნანახიც კი არ ჰყავდათ და ციხეში გაიცნეს. ბრალს სდებდნენ ბათუმიდან განუბაჟებლად ტვირთის შეძენასა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში.

ვალერიან გელაშვილი:  "სწორედ მამუკა ტუღუში არღვევდა ჩემს უფლებებს, ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომლის წინააღმდეგაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სარჩელს! მე მაშინაც მქონდა კანონიერი უფლება, გამეკეთებინა განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, სიმართლეს ვერ დაამტკიცებდი.

ილია დალაქიშვილისგან ვიყიდე 160 ტონა ნავთობ-ნარჩენები, რომლითაც შპს "კრეატივში",  ლილოს ტერიტორიაზე  ვამზადებდი მაზუთსა და სხვადასხვა საგზაო ბითუმს".
 
რაც შეეხება ლადო საყვარელიძეს, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ისიც შეიტანს სარჩელს მამუკა ტუღუშის წინააღმდეგ, რომელმაც უმიზეზოდ ჩასვა ციხეში, აბსურდული ბრალდებით. მისი განმარტებით, რაც მოხდა არ ჯდებოდა კანონიერების ფარგლებში, ემსახურებოდა ერთეულების ბიზნესინტერესებს. " ვეჭვობ, მამუკა ტუღუშს დაკვეთა ჰქონდა კიდევ უფრო მაღალი სახელისუფლებო პირებისგან", - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ილია დალაქიშვილს, შეგახსენებთ, რომ 2000-2003 წლებში მსხვილი ნავთობიმპორტიორი გახლდათ, რომლის ქონებაც რამდენიმე მილიონს შეადგენდა.
 ილია დალაქიშვილის ადვოკატი ზურაბ თოდუა, აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ილია დალაქიშვილი  უკანონო ბრალდებების გამო "ნაციონალური მოძრაობის"  მსხვერპლია. მისი მტკიცებით, საქმე ზურაბ ადეიშვილის პირადი დაინტერესებით მიმდინარეობდა.


 ჯაბა ჯიშკარიანი,  ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი: "დალაქიშვილის საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ყავლაშვილები ფიგურირებენ. ბიზნესმენს დაახლოებით, 6 მილიონი ლარის ღირებულების ქონებას ედავებიან, რომელიც სხვადასხვა ქარხნებს მოიცავს.


ხსენებული ბრალებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მამუკა ტუღუშის კომენტარით დავინტერესდი, რადგან ერთი მხარე არ ყოფილიყო წარმოდგენილი და მკითხველს განსჯის მეტი შერსაძლებლობა ჰქონოდა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო გვიცხადებს, რომ კომენტარი ამ თემაზე არ გაკეთდება!


მათი თქმით,  ერთ-ერთი პირის - ილია დალაქიშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება, გელაშვილების საქმესთან დაკავშირებით კი, ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. "ილია დალაქიშვილი ციხიდან არ გამოსულა და ამჟამად მისი საქმე  სააპელაციო სასამართლოშია", - განმარტავს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.


 "ივერიონის" კითხვაზე, რატომ განაცხადა თავად მამუკა ტუღუშმა ხსენებულ თემასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი, მისივე უწყების პრესსამსახურის თანამშრომლები არ გვპასუხობენ. რაც შეეხება ამ კომენტარს (ინტერვიუზე უარყოფით პასუხს), პრესსამსახურის თანამშრომელი ვინაობას არ გვიმხელს.


სწორედ ამ ამბავს წინ უძღოდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მამუკა გილიგაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტები 21 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის იანვარიდან სექტემბრამდე სულ სამართალდარღვევის 939 ფაქტი გამოვლინდა. დანაშაული, ძირითადად, ეხებოდა საბაჟო წესების დარღვევას, გადასახადებისთვის თავის არიდებას, მომხმარებლის მოტყუებას, კომერციულ მოსყიდვას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ქრთამის აღებას, ყალბი დოკუმენტის, მოწმობების, საკრედიტო ბარათებისა და ფულის დამზადებას. ეს ის პერიოდია, როცა ციხეები პატიმრებით გადაივსო. 


"ივერიონიმა" მოიძია დაკითხვის ოქმიც, რომელსაც სისხლის სამართლის კანონის თანახმად,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საგამოძიებო დეპარტამენტის ეკონომიკური საზღვრის წესების ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი დავით ჩუბინიძე აწარმოებდა.


გთავაზობთ ამონარიდს მოწმის ჩვენებიდან:


 "განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობები. გამოძიების ამ ეტაპზე ადვოკატის  დახმარებას არ ვსაჭიროებ. დასმული კითხვის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: 2004 წლიდან დავიწყე მუშაობა შპს "ბითუმში", რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში ლილოს დასახლებაში მუშად. აღნიშნულ პერიოდში საწარმოს დირექტორი და  ხელმძღვანელი იყო ვლადიმერ საყვარელიძე. აღნიშნული საწარმოს ტერიტორიაზე 2011 წლის მაისში ვლადიმერ საყვარელიძესთან და შპს "ბითუმის" ამჟამინდელ დირექტორთან იოსებ გერგეშელიძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ შპს "კრეატივი", რომლის დამფუძნებლად და დირექტორად საგადასახადო ორგანოში დავრეგისტრირდი მე (ვალერიან გელაშვილი ). საწარმოს ძირითად საქმიანობად განისაზღვრა მაზუთისა და ბითუმის წარმოება. შპს "კრეატივს" იჯარით აღებული აქვს 1000 კვ.მ მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით. რაც შეეხება ილია დალაქიშვილს, მე გავიცანი მას შემდეგ, რაც მან ტერიტორიაზე შემოიტანა და რეზერვუარში მოათავსა რაღაც პროდუქცია, რომლის წარმოშობაზე და რაობაზეც მე არასდროს არ დავინტერესებულვარ."


"ივერიონი"  მეტი სიცხადისთვის შეხვდა ბრალდებული ძმების ადვოკატს მაია ჯულაყიძეს, რომელსაც არსებული საქმის გახსენება  და იურიდიული საფუძვლების განმარტება სთხოვა.


-    რას ედავებოდნენ  რეალურად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს?


-    ვერ გავიგეთ,  რას გვედავებოდნენ, ედავებოდნენ რეალურად ილია დალაქიშვილს და მიგვაყოლეს ჩვენც, ასევე  ყველა ვისაც კი გამარჯობა უთქვია მისთვის. თორნიკე გელაშვილი იყო ვალერი გელაშვილის  ნაცვლად მძევალი, რომელიც აღარ გამოუშვეს. აი, საიდან დაიწყო კავშირი  შპს "კრეატივსა" და ილია დალაქიშვილს შორის. იქირავეს  ტერიტორია, სადაც მდებარეობდა "კრეატივი", ანუ ილია დალაქიშვილსა და ვალერი გელაშვილს  ძირითადად,  საერთო ფართობი ჰქონდათ.


-    რა თანამდებობა ეკავა მამუკა ტუღუშს ამ საქმის წარმოების პროცესში?


-    ეს იყო და არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამართველოს უფროსი, რომელიც აწარმოებდა ამ გამოძიებას. რაც შეეხება თორნიკე გელაშვილს, ეს იყო უბრალოდ მუშა, რომელიც კონტროლს უწევდა ტვირთის მიღებასა და დალუქვა-გახსნას.  შემთხვევით დააკავეს თორნიკე და წაიღეს დოკუმენტაცია "კრეატივიდან" . ბრალდებულმა  თორნიკე გელაშვილმა დაკავებისას არაფერი იცოდა, შესაბამისად დაკითხვაზეც ვერაფერი თქვა. ვალერი გელაშვილს შპს "კრეატივის" დამფუძნებელსა და დირექტორს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ფოთში საბუთები უნდა ჩაეტანა, მანამდე არ აპირებდა წასვლას, სანამ არ გაირკვეოდა მისი ძმის ამბავი. თორნიკემ დაურეკა - მიშვებენ და შენ საქმეს მიხედეო, ამათმა კი, ძმების ამ ზარს სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს ვალერი გარბოდა.


-    საპროცესო შეთანხმებას, რომლის დროსაც ოჯახმა 40 000 ლარი გადაიხადა, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი კი, წინააღმდეგი იყო და ბრალს არ აღიარებდა, ვინ მოაწერა ხელი?


-    როცა გელაშვილი დარწმუნდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა საპროცესო შეთანხმებისა,  (წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 წელს ციხეში გაატარებდა), გადაწყვიტა ხელი მოეწერა. გარდა ამისა, როცა თორნიკე იყო ციხეში, სწორედ ამით აპელირებდნენ და ვალერიზე მუქარებით ზემოქმედებდნენ.  (თორნიკეს ვცემთ, შენს თვალწინ წელში გადავტეხავთო და ა. შ). ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ ვალერის ეღიარებინა ის დანაშაული, რაც არ ჩაუდენია. ეს ის პერიოდი იყო, როცა ციხიდან თავის დაღწევის სხვა გზა არ არსებობდა, თავს ვერ გაიმართლებდი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უდანაშაულო ადამიანებთნ.


-    თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა პირადად მამუკა ტუღუში და დღეს ის იგივე თანამდებობაზეა...


-    ვალერი გელაშვილი ფოთის ტენდერიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს საკუთარ საწარმოში შპს "კრეატივში". ის თავადვე მივიდა "კრეატივში", როცა გაიგო, რომ ფინანსური პოლიცია შევიდა მის საწარმოში.


-    დაკავების შემდეგ  გელაშვილი ძალისმიერი მეთოდებით დაკითხეს ადვოკატის გარეშე (როგორც თავადვე აცხადებს). ვინ და რა უფლებით აუკრძალა ადვოკატის ყოლა? 


-    მას ჰქონდა ადვოკატის ყოლის უფლება, მაგრამ ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს. იყო ფიზიკური ზეწოლა, სცემდა  მამუკა ტუღუში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დადასტურება ამაზე არც მჭირდებოდა და არც შესაძლებლობა იყო, თორემ უარეს დღეში ჩააგდებდნენ.  თავადვე ვამჩნევდი ცემის კვალს. მათ ჰქონდათ საკუთარი ბიზნესინტერესები, მივდივართ ზემო ეშელონებამდე. ამ დროს, თუ ბიზნესს საკუთარი ნებითვე დათმობდნენ, შეიძლებოდა ადამიანი არც დაეკავებინათ. ყველა ეს საგამოძიებო პროცედურები ტარდებოდა ერთეულების პირადი ინტერესიდან გამომდინარე - წაერთმიათ სხვისთვის ბიზნესი და სარგებელი თავად ენახათ. ეს იყო მიზანი. საინტერესო ფაქტია, რომ ტუღუშმა დაგვიბარა ადვიკატები. გამომდინარე იქიდან , რომ დაჭერილებს ბრალი სათანადოდ ვერ უმტკიცდებოდათ  და ორგანიზებულ ჯგუფში უმნიშვნელო როლი ჰქონდათ, ცდილობდნენ გაეკეთებინათ საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა,  მათთვის სასურველი  ჩვენების მიცემის შემთხვევაში. რაც შეეხება თანხას, პირადად ტუღუშმა მითხრა 5000 და 10 000 არ იყოს, ეს ძალიან ცოტააო! იმ შედეგის მისაღებად, რაც მათ სურდათ, გირაო ერთადერთი საშუალება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში,  აღმკვეთ ღონისძიებად 17 წლიან პატიმრობას შეუფარდებდნენ.   მოთხოვნა იყო თანამშრომლობაზე წასვლა, სჭირდებოდათ ძმა ღვიძლი ძმის წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში თანხასაც მნიშვნელობა არ ექნებბოდა. ძმებს ციხეში ერთმანეთს არ ახვედრებდნენ. თორნიკე იყო, თითქოსდა, სატყუარა ვალერის მოსაყვანად, არადა ვალერი არ იმალებოდა, ვალერის დაჭერის შემდეგაც თორნიკე არ გაათავისუფლეს.


-    რას მეტყვით სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე,  რამდენად რეალური იყო ეს ბრალდება?


-    შპს "კრეატივმა"  იმუშვა ხუთი თვე და მათ სახელმწიფოს გადაუხადეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 210 000 ლარი, ეს არ არის ცოტა თანხა! რაც შეეხება ბრალდების მხარეს, "კრეატივს" ედავებოდნენ და სურდათ მეტი გადაეხადათ.  მე ვადასტურებ, ისევე როგორც სამხარაულის ექსპერტიზა , რომ დალაქიშვილისგან ვალერი გელაშვილმა იყიდა 160 ტონა ნავთობნარჩენები. ბრალს სდებდნენ ნავთობის შეძენასა და წარმოებაში, რაც აფსურდია, შესაბამისი დანადგარი და შესაძლებლობა "კრეატივში" არ არსებობდა!  ასევე მინდა აღვნოშნო, რომ ჩემი დასცის ქვეშ მყოფს ციხეში როცა ვესაუბრებოდი,  ისმენდნენ. ამ გარემოს  "ყურებიან ოთახებს ვეძახით ადვოკატები".  კალამზეც რომ ხელი მოგეკიდათ, ეგრევე შემოცვივდებოდნე, რას წერთო?! ვერ ვახერხებდით თავისუფალ საუბარს, რადგან შემდეგ პატიმარზე  ზეწოლა ორმაგდებოდა. ეს ხდებოდა გამომძიებლისა და ციხის ადმინისტრაციის თვალწინ. ესენი იყვნენ: გამომძიებელი დავით ჩუბინიძე და ზედამხედველი ოლეგ ყაჭეიშვილი.


-    პარტია "თავისუფალ დემოკრატებთან"  კავშირის დადგენის შემდეგ ვალერიან გელაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფის და  ცემის ფაქტებზე საუბრობს. ხომ არ იყო მუქარა ოჯახის დანარჩენ წევრებზეც?


-    დიახ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ : "ჩვენ ვიცით შენ და ირაკლის რას გიზამთ!" (საუბარია ირაკლი ალასანიაზე) საერთოდ, რა შუაში იყო ამ საქმესთან  პარტია და პოლიტიკური ინტერესები? რაც შეეხება ოჯახს, ძმები გელაშვილების მამაც ყავდათ დაკითხვაზე და მიდიოდა ზეწოლა.


ადვოკატი მაია ჯულაყიძე ასევე საუბრობს 9 წლის მანძილზე დაგროვილ გაუხსნელ საქმეებზე, დაშინებასა და შანტაჟზე. მისი თქმით, არც ერთი საქმის განხილვა არ ხდებოდა, თუ მათ პირად ინტერესებში არ შედიოდა. სამართალი იზეიმებს, მაგრამ ამას დრო სჭრდება.


ჯულაყიძე ასევე აკრიტიკებს უზენაესი სასამართლოს მუშაობის პროცესს მთელი 9 წლის მანძილზე. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოს ხმა აქამდე უნდა ამოეღო, კუბლაშვილი არ აქტიურობდა სათანადოდ. 200 ადვოკატი  არის დაჭერილი ( თუ არ ვცდები), იჭერდნენ მათ იმისთვის, რომ თვითნებურად ემოქმედათ და ხმის ამომღები აღარ დარჩენილიყო! დღეს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ადვოკატები  (...და არამარტო) მეტი ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის გამოვლენას ელოდებიან.


მოამზადა ია ადეიშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: