იური პაპასქუა: ხელოვნური მონოპოლიზმი აღრიცხვასა და აუდიტშიც უნდა მოისპოს!

იური პაპასქუა: ხელოვნური მონოპოლიზმი აღრიცხვასა და აუდიტშიც უნდა მოისპოს!

მიმდინარე წლის მაისიდან, ჯერ ჯიდევ არჩევნების ქანცგამცლელ ფაზაში შესვლამდე, აუდიტორების და ბუღალტრების თავსატეხად იქცა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ კანონპროექტის წარდგენა და მისი მიღების პროცედურების დაჩქარებული (ფორსირებული) ტემპით დაწყება.


ფორმალური განხილვებისა და მცირეოდენი "კოსმეტიკის" შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტთან შედარებით გაცილებით უარესი: "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვრიდან. კანონის მიღებამდე და შემდგომაც, ამ აქტის მიმართ სპეციალისტთა ერთი (ფრიად მნიშვნელოვანი) ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ დამცხრალა.


 ახლა, როცა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ნებას გამოხატავს, მიუმხრობელი აუდიტორების და ბუღალტრების ნაწილის მეცადინეობა გააქტიურდა. მათ მიაჩნიათ, რომ მიღებული კანონი მხოლოდ ერთ პროფესიულ ორგანიზაციას (ბაფ) უქმნის პრივილეგირებულ მდგომარეობას, გამოხატავს ამ ოგანიზაციის ხელმძღვანელობის კომერციულ ინტერესებს, წინააღმდეგობაშია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივასთან, შეიცავს აგრეთვე პროფესიული ნიშნით სხვა  ხარვეზებსაც და აღნიშნულის გამო, მოითხოვდნენ კანონის ამოქმედების შეჩერებას, მის საფუძვლიან გადამუშავებას დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრის მონაწილეობით. ნოემბრის თვის მიწურულს, შესდგა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოსა და საქართველოში ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა, რომელმაც მწვავე ემოციურ ვითარებაში ჩაიარა: ბაფ თავგამოდებით იცავდა კანონში წარმოდგენილ დებულებებს, სხვა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები კი კატეგორიულად მოითხოვდნენ, როგორც მინიმუმ, პროფესიული ორგანიზაციების თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაყენებას და სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოს შექმნას.


მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის მონაწილეებმა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსი დააფიქსირეს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ სახეს მიიღებს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი წლის მიწურულამდე გეგმავს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, "ივერიონი" ესაუბრა შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი აქტიური მხარის წარმომადგენელს - საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს იური პაპასქუას:


_ ბატონო იური, როდის და რა მიზნებისთვის შეიქმნა თქვენი ფედერაცია?


_ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია 2011 წლის ნოემბერში შეიქმნა. ეს არის არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მოწოდებულია პროფესიული ინტერესების  უზრუნველსაყოფად.


ამ სფეროში დიდი ხანია კიდევ ორი პროფესიული ორგანიზაცია მოღვაწეობს: ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია (ბაფ) და დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაცია (ბას).


მაშ, რა აუცილებელი იყო კიდევ ერთი ახალი ორგანიზაციის შექმნა? - სავსებით ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა.


გულახდილად გეტყვით: ჩვენი ფედერაციის შექმნა ფაქტობრივი გარემოებების და მეტწილად, ბაფ-ის დამსახურებაა! საქმე იმაშია, რომ ბაფ დაშორდა პროფესიულ ინტერესებს და აშკარად კომერციული ინტერესებისკენ გადაიხარა; ბას-ს არ ყოფნის ძალები მარტო გაუმკლავდეს დაპირისპირებას; სახელმწიფომ ამ სფეროში წესრიგისთვის ვერ მოიცალა – საქართველოს პარლამენთთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო მუდმივად რეორგანიზაციის მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და ამის გამო, აქტიურ პოზიციას არ ავლენდა. ფაქტობრივად, დარგი დარჩა პრობლემების ამარა.


სამწუხაროდ, ბატონი ნოდარ ქებაძის, აუდირორული საქმიანობის საბჭოს დამფუძნებლის, გარდაცვალების შემდეგ, აუდიტის სფეროში არსებითი რეგულაციები არ განხორციელებულა და არც საქმე წასულა წინ.


ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტორული საქმიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. გლობალიზაციისა და ინტეგრაციის მიმდინარე პროცესები ახალ (კომერციისგან თავისუფალ) რეგულაციებს მოითხოვს. ნუ ვიქნებით საეჭვო რეიტინგების ტყვეობაში, ჩვენ აშკარად ჩამოვრჩით ამ პროცესებს. არ არის შესაბამისი მოტივაცია, არ ვითარდება კადრები... ამიტომ, ვფიქრობ, არ გვაქვს უფლება მოვლენების განვითარების მიმართ მხოლოდ პასიური დამკვირვევლის როლი ვასრულოთ. ცხადია, გვაქვს სურვილი ამ სფეროშიც იყოს წესრიგი და პროფესია განვითარდეს.


ბაფ რომ ყოფილიყო ამ პრობლემატიკით დაკავებული და გადაეწყვიტა საკითხები, ჩვენ ახალ ორგანიზაციას არ შევქმნიდით, გვერდში დავუდგებოდით.


განვითარების დინამიკა ადასტურებს, რომ განსხვავებული (ალტერნატიული) აზრის არსებობა აუცილებელიცაა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ექსპერიმენტები ვატაროთ და შეცდომებზე ვისწავლოთ...……


_ კონკრეტულად, რა პრეტენზიები გაქვთ ბაფ-თან?


_ მე ამას პრეტენზიებს ვერ დავარქმევ, უფრო პრინციპულად განსხვავებულ მიდგომებთან გვაქვს საქმე.


ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ბაფ-ის დამსახურება ძალიან დიდია საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობასა და დამკვიდრებაში. მისგან ჩვენც ბევრი ვისწავლეთ, ასე ვთქვათ, შევაღწიეთ "ახალ სამყაროში", გავცნობიერდით, კარგიც დავინახეთ და ხარვეზებიც შევნიშნეთ (ისევე, როგორც ყველა დიდი საქმის წამოწყებას დაბრკოლებებიც ახლავს). განვითარების პროცესისთვის, ეს ნორმალურია. რადგან ბაფ-ს დიდი დამსახურება აქვს, რა, არ უნდა ვთქვათ, რა გზით არ უნდა ვიაროთ?!


ბაფ-ის ხელმძღვანელობამ (ვაკონკრეტებ, ხელმძღვანელობამ და არა მასში გაწევრიანებულმა პირებმა) კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტური საქმიანობის ერთპიროვნული მარეგულირებლის ფუნქციის აღება მოინდომა, ამასთან, ისეთი ნორმებით, რომლებიც დარგის განვითარებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს (სხვათა შორის, ბაფ-ის წევრების ნაწილი არ იზიარებს მათ პოზიციას, ნაწილი კი აქტიურ პოზიციას არ გამოხატავს). ასეთი ცდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საქართველოს პარლამენტში არაერთხელ შევიდა კანონპროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ", მაგრამ მაშინ საღმა აზრმა გაიმარჯვა და კანონის მიღება დაიბლოკა. ბაფ-ს ფარხმალი არ დაუყრია და  აშკარად დაინტერესებულ მხარედ ჩამოყალიბდა.


აღნიშნულის მკაფიო დადასტურებაა სადაოდ ქცეული კანონი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ".


ახლა იმის მტკიცება, რომ "ჩვენ არაფერ შუაში ვართ", უბრალოდ, არასერიოზულობაა. არც ისე ბნელა. ძალადობრივი წარსულის კლანჭებიდან ხალხმა უკვე გამოაღწია. კარგად ვიცით, რაც ხდებოდა. სირაქლემას ოინი უკვე არ ჭრის.


არაპროფესიონალიც კი, ვინც ამ კანონს გაეცნობა, მასში აშკარად იგრძნობს ბაფ-ის გამორჩეულ, კომფორტულ გარემოში ჩაყენების "ფარულ ხელს".


როცა პროფესიის განვითარებაზე ვმსჯელობთ, ჩემთვის გაუგებარია მხარეებად დაყოფა, ბარიკადების გაღმა-გამოღმა დგომა, დაპირისპირება. საკითხი პროფესიულ განვითარებას, ათასობით ადამიანის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლისთვის ხელშეწყობას ეხება. მაშ, რა საჭიროა იმის თავგამოდებით დაცვა, რაც არ ვარგა? უფრო დაკვირვებული და შორსგამიზნული (მონოპოლიური და კომერციული ზრახვებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს!


-  იქნებ დააკონკრეტოთ, რაში გამოიხატება ბაფ-ის მონოპოლისტობის სურვილი?


-    ასეთი სახის ფორმატში, ძნელია დეტალებზე ისაუბრო. ცალმხრივი და "ყურით მოთრეული" ბრალდება რომ არ გამომივიდეს, დავიმოწმებ აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლების (მათ შორის, ბაფ-ის წევრების), სპეციალისტების, სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე მიღებულ დეკლარაციას, მიმართვებს მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელებისადმი, სადაც უფრო არგუმენტირებულად, არაორაზროვნად გამოკვეთილია მათი პოზიცია: კანონში ჩადებული რეგლამენტაციები შეიცავს კორუფციულ ელემენტებს, რამდენადაც ერთი კერძო სამართლის სუბიექტი (ბაფ) აღმოჩნდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში (ავტომატიურად ხდება აკრედიტებული, მხოლოდ ბაფ-მ უნდა აწარმოოს სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელ პირთა რეესტრი, მხოლოდ ბაფს აქვს უფლება თარგმნოს, გამოსცეს სტანდარტები და ა.შ); კანონი წინააღმდეგობაშია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივასთან, რომლის თანახმადაც სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელ პირთა სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური სისტემა და ა.შ. (თქვენ გესმით, რას ითხოვენ აუდიტორები? არა უკონტროლო დამოუკიდებლობას, არამედ სახელმწიფო ზედამხედველობას, წესრიგს, სერთიფიცირების ერთიან სისტემას. რა არის ამაში ცუდი? რატომ არ აწყობს ეს ბაფ-ს? აი, აქედან ჩნდება კითხვის ნიშნები). ძალიან ბევრი დეტალია, რომლის არსში გარკვევისთვის პროფესიულ ნიუანსებში ჩაწვდომაა საჭირო.


როცა შენიშვნებს გამოვთქვამთ, ბაფ-ის ხელმძღვანელობა სხვა დანარჩენებს მიიჩნევს "მარსიდან" ჩამოსულებად, სტანდარტებში ჩაუხედავ და არაკვალიფიციურ, არაკომპეტენტურ პირებად (რაც, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცმყოფელია) ან/და პრობლემის გადაწყვეტის გზად გვთავაზობს არა კონსტრუქციულ დიალოგს, არამედ "დაგინების" ან "დაფიცების" არქაულ მიდგომას. 


ბაფ მიეჩვია უალტერნატივო მდგომარეობას, რაც ცუდი (შეუცვლელობის) სიმმტომის მატარებელია. აქამდე არავის არ უთქვამს პირდაპირ, რომ ასე არ ვარგა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ სხვა აზრის თანაარსებობას და უნდა ვაღიაროთ, თუ ის სამართლიანობის დამკვიდრებას მოემსახურება. 


_ ეტყობა ბაფ-მა ამ კანონის გატანა ძველი ხელისუფლების _ სამთავრობო და საპარლამენტო ლობისტების მეშვეობით მოახერხა?


_ ცხადია, ასე იყო, თუმცა დღეს ეს საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის. არც იმის მტკიცებულებების ძიებას შევუდგები, ვინ და რა ვითარებაში, რა ღირებულების ფასად "გამოაცხო ბისკვიტი" (მჯერა, გამოჩნდება და გაირკვევა დეტალებიც). ახლა უფრო არსებითი ისაა, რომ კანონი მიღებულია და ის 2013 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონის ამოქმედება დაუშვებელია. აუცილებელია მასში შევიდეს ცვლილებები, რომლებმაც, როგორც ამას აუდიტორთა კორპუსის ანგარიშგასაწევი ნაწილი მოითხოვს, სულ მცირე, ორი პრინციპი უნდა დააკმაყოფილოს: პირველი, ყველა პროფესიული ორგანიზაცია უნდა ჩადგეს თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში და ავტომატური აკრედიტაციის წინაპირობას არ უნდა ქმნიდეს IFAC-ის ნამდვილი წევრის, ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC-ის) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრის სტატუსი (ჩემი ღრმად პატივცემული დამოკიდებულების მიუხედავად IFAC-ისადმი, მისი წევრობა ნამდვილად არ იძლევა ხარისხის კონტროლის განხორციელების ეფექტურობის გარანტიას და არც განსაკუთრებული პრივილეგიის მინიჭების საფუძვლად აღიქმება) და მეორე, კანონი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივასთან, რაც გულისხმობს სავალდებულო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მოდელის შექმნას (ვარიანტებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, განვიხილოთ, გადავწყვიტოთ. ერთ-ერთ მისაღებ ვარიანტად წარმოგვიდგენია ორსაფეხურიანი სისტემა: თვითრეგულაცია, რომელსაც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და შესაბამისად აკრედიტებული ა(ა)იპ პროფესიული ორგანიზაციები, რომელთათვის  IFAC-ის, ან IFAC-ის მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის წევრობა არ იქნება სავალდებულო და სახელმწიფო რეგულაცია, რომელსაც განახორციელებს დამოუკიდებელი, პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებული საზედამხედველო კომისია).


ჩვენ ვემხრობით აგრეთვე იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული ვადით, ვიდრე ახალი საზედამხედველო ორგანო ამოქმედდება) შევინარჩუნოთ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, რომელმაც უნდა შეასრულოს ახალი რეგულაციების შეჯერების ფუნქცია და დაგროვილი გამოცდილება (ინფორმაციული ბაზა) გადასცეს ახალ სამართალმემკვიდრეს. 


ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელშიც პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, გათვალისწინებულია პრინციპული შენიშვნები და წლის ბოლომდე გავა დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე. მართალია, დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ, ვფიქრობ, კანონი ძირეულად შეიცვლება.

ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: