ბიძინა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარშავის უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციისადმი მიმართვას ავრცელებს.

როგორც საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერი ვარშავაში 6-8 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციას მიესალმება.

„მისასალმებელია, რომ ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული წმინდა მღვდელმოწამის არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა XI სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ვარშავაში 6-8 დეკემბერსაა დაგეგმილი,  ტრადიციად იქცა და მასში  გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები მონაწილეობენ“, - აცხადებს ივანიშვილი მიმართვაში.

მისი თქმით, სწორედ გრიგოლ ფერაძის თავდადებული მოღვაწეობით იქნა დაცული უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი, რომელმაც მის მოძიებასა და შესწავლას მთელი თავისი სახსრები და ძალისხმევა მოანდომა.

ივანიშვილის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ფერაძე პოლონეთისა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და იგი ჩვენი ერების ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა.

„წლების განმავლობაში ვარშავის უნივერსიტეტში უამრავი ქართველი სტუდენტი სწავლობდა და სამეცნიერო კვალიფიკაციას იმაღლებდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტში ქართველი პროფესორები მუშაობენ, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი და პოლონელი სტუდენტების მეგობრობა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ისინი მომავალი ევროპის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ.

ბიძინა ივანიშვილი კონფერენციის ყველა მონაწილეს მიესალმება და  იმედოვნებს, რომ წლევანდელი ფორუმიბევრ ახალ სასიკეთო წამოწყებას მისცემს  დასაბამს .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: