ბიძინა ივანიშვილი: ხალხს „ნაციონალების“ სიცრუე მოსწყინდა და რეალურ შედეგებს ელოდება

ბიძინა ივანიშვილი: ხალხს „ნაციონალების“ სიცრუე მოსწყინდა და რეალურ შედეგებს ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, რეალისტები იყვნენ.

 

ამის შესახებ ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

ივანიშვილის თქმით, მისი ყურადღება მიიქცია ტელევიზიით ნაჩვენებმა გუშინდელმა კადრებმა, თუ როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან. 

 

„ძალიან საინტერესო სურათი იყო. გაიხსენეთ, რა იყო არჩევნებამდე, დღევანდელი სიტუაციაც ნახეთ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი პროგრესია. საპარლამენტო უმცირესობა ყველა დაპატიმრებას, ყველა დაკითხვას პოლიტიკურ ნიშანს აძლევს, რომლითაც ეს სიტყვები გააფერმკრთალეს და გააუფასურეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ივანიშვილის თქმით, უმცირესობა ნებისმიერ გამოძახებას და დაპატიმრებას მაშინვე პოლიტიკურ სარჩულს უდებს. 

 

„საზოგადოება ამითაც ყველაფერს კარგად ხედავს. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ რეალისტები იყვნენ. „ნაციონალებმა“ მოახერხეს, რომ ამდენი წლის განავლობაში  საზოგადოება სიცრუეში ემყოფებინათ. ხალხს მოსწყინდა ეს სიცრუე და უარი უთხრა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება ისეთივე იდეოლოგიით განაგრძობს ცხოვრებას, მაგრამ არაფერი გამოუვა. 

 

ამასთან ივანიშვილის დიდი სურვილია, რომ საზოგადოება რაც შეიძლება სწრაფად დაწყნარდეს და აღდგეს ფსიქოლოგიური ბალანსი.

 

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ბრიყვი არაა, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ჰგონია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გუშინ 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

 

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ყოველდღე გაშუქდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა დაკავებისა თუ  გათავისულების ამბები და არა სოციალური საკითხები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: