„რიყის“ ყიდვა-გაყიდვის საქმეს გამოიძიებენ!

„რიყის“ ყიდვა-გაყიდვის საქმეს გამოიძიებენ!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რიყის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. 

 

„ივერიონი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის საკითხების შესწავლის მიზნით.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 6 ივნისს, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფართით 43350 მ.კვ. თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით 7 მილიონ დოლარად გასხვისებული იყო  ერთ-ერთ საწარმოზე.  მას ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ გარდა საფასურის გადახდისა, საკუთარი ხარჯით  განეხორციელებინა საავტომობილო მაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის შესაბამისი განაშენიანება. 

2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ საწარმოს არც ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ აღნიშნული მიწის ფართები, თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 მილიონ დოლარად.

 

გამოძიების ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტები სხვადასხვა უწყებებიდან. დაიკთხნენ თბილისის მერიის სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხსენებულ საკითხთან.

 

საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამასთან, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით იოსელიანი დაკითხეს. 

 

"რიყის ტერიტორიის გასხვისება მოხდა  აბსოლუტურად კანონიერად - კონკურსის წესების დაცვით. მაშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემთვის  მთავარი იყო, ბიუჯეტს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიეღო. როგორც მახსოვს, ტერიტორიაში გადახდილი იქნა ნორმატიულ ფასზე სამჯერ უფრო მეტი თანხა", - განაცხადა დავით იოსელიანმა. 

 

ასევე, საგამოძიებო სამსახურში დაიკითხა თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, თუმცა მას დაკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: