მიხეილ სააკაშვილმა ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას პატივი მიაგო

მიხეილ სააკაშვილმა ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას პატივი მიაგო

თუ დასავლეთის სიმპათია დავკარგეთ, ჩვენი მშველელი არავინ იქნება, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საქართველოს პირველმა პირმა გუშინ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

 

ცერემონია ქალაქ კრაკოვში, ვაველის სასახლეში გაიმართა, სადაც ლეხ და მარია კაჩინსკები არიან დაკრძალული.

 

"ლეხ კაჩინსკი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ადამიანია არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მან შეკრიბა ევროპელი ლიდერები. დიდი საერთაშორისო მობილიზაცია შექმნა, რის შედეგადაც საქართველო გადარჩა. დამპყრობლებმა ვერ დაამხეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ვერ შეცვალეს კურსი. რა თქმა უნდა, ლეხ კაჩინსკის როლი ამ პროცესში განსაკუთრებული იყო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

ამასთან, პრეზიდენტმა 2008 წელსა და დღევანდელ პროცესებთან გაავლო პარალელი და შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.

 

"2008 წელს ჩვენ ვიყავით ისეთი ქვეყანა, რომლის გადარჩენა მთელ მსოფლიოს უღირდა და ჩვენ კვლავ ასეთ ქვეყნად უნდა დავრჩეთ. უნდა შევინარჩუნოთ სიმპათია და თავიდან ავირიდოთ სამხედრო კონფრონტაციები, რადგან თუ დასავლეთის სიმპათია დავკარგეთ, ჩვენი მშველელი არავინ იქნება და ეს უნდა გავიაზროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: