რა ჩააბარა და დაუბარა ირაკლი ალასანიამ ირაკლი ქადაგიშვილს?

რა ჩააბარა და დაუბარა ირაკლი ალასანიამ ირაკლი ქადაგიშვილს?

დღეს "საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანიას ირაკლი ქადაგიშვილი შეცვლის. 

ირაკლი ქადაგიშვილი მადლობას უხდის პარტიის ყოფილ თავჯდომარეს და მთელ პოლიტიკურ გუნდს იმ პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რომელიც მათ გამოუცხადეს და დააკისრეს. 

 

"საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთული და უხერხულია. მე ამ პარტიაში დაარსების დღიდან ვარ. ვიზიარებ ამ პარტიის იდეოლოგიას, ბრძოლის იმ ხერხებს, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაამკვიდრეს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" პირველი ოქტომბრის არჩევნებში. ამის შემდეგ ბატონმა ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, თუ პარტია თავის განვითარების ახალ გზას, ახალ ენერგიას, ახალ ადამიანებს ჩაბარდებოდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

 

მისი თქმით, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ მას როგორც თავდაცვის მინისტრს და პირველ ვიცე-პრემიერს გაცილებით ნაკლები დრო დარჩებოდა პარტიის მშენებლობისთვის, არამედ იმითაც, რომ  მისი სურვილი იყო, საქართველოში ისეთი პარტიის არსებობა, რომელიც მხოლოდ ერთ პიროვნებაზე არ იქნებოდა დამოკიდებული. 

 

ქადაგიშვილის განცხადებით,  ყრილობას  პარტნიორი ორგანიზაციებისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაესწრებიან. მისი თქმით, ასევე იგეგმება ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სტუმრობაც. 

 

"საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან ჯერ ჩვენ არ ვართ კოორდინაციის იმ ეტაპზე, რომ ის ჩვენს ყრილობაზე დაგვეპატიჟებინა", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

 

ქადაგიშვილის განცხადებით, მათი პარტიის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პლატფორმა და მოთხოვნა იქნება, მომავალი, საპრეზიდენტო იქნება ეს თუ, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნები, ქვეყანაში იყოს ნამდვილად დემოკრატიული ფონი, რათა ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი უფლება. 

 

"პარტიის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთ პირველი ამოცანად მომავალი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება მოიაზრება", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: