კახი კალაძე ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

კახი კალაძე ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, ფილიპ დიმიტროვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ ამოცანას ადგილობრივი რესურსების ათვისება წარმოადგენს.


„მოცემული კუთხით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ალტერნატიული ენერგორესურსების ათვისების საკითხსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მინისტრმა ფილიპ დიმიტროვს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ინვესტორს ეძლევა შესაძლებლობა არსებულ ლიბერალურ გარემოში რეგიონის ყველა ქვეყანასთან, გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობა აწარმოოს.


მისი თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში.


„ამის ნათელი მაგალითია, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა “ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ევროპის ენერგეტიკული ქარტიის” ორგანიზაციებთან. ხაზგასასმელია ასევე, ევროკავშირთან “ასოცირების შეთანხმებისა” და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” შესახებ შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე წარმატებული პროცესები.


ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგოუსაფრთხოების პლატფორმის” ფარგლებშიც.


ხაზგასასმელია წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშირის უნიკალური ენერგეტიკული პროგრამის “ინოგეიტის” ფარგლებში“, - განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.


კალაძის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციაში „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“ გასაწევრიანებლად აქტიურ მუშაობას იწყებს. ორგანიზაციის მიზანია ევროპის შიდა ენერგეტიკული ბაზრის გაფართოება სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისაკენ.


შეხვედრაზე ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, მზად არის სამომავლო თანამშრომლობისთვის, როგორც ინსტიტუციონალურ დონეზე, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების კუთხით, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: