„პრივატბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია

„პრივატბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, კოსტავას #24-ში  მდებარე „პრივატბანკზე“ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ლაშა ბ.

განცხადების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, ლაშა ბ-მ თანამზრახველთან ერთად, ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი აშშ დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა.

„ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა და მათი ქმედება „პრივატბანკის" შიდა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის თანამონაწილე  პირის ვინაობაც დაადგინეს. ამ ეტაპზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“,-ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით აღიძრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა ბ-ს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: