რა განსხვავებაა ახალ და ძველ "5-ლარიან დაზღვევას" შორის?

რა განსხვავებაა ახალ და ძველ "5-ლარიან დაზღვევას" შორის?

მთავრობის სხდომაზე ახალი ხელისუფლების სადაზღვევო პროგრამა განიხილეს, რომელიც 2013 წლიდან უნდა ამოქმედდეს.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 2 წლის წინ არსებულ 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტსა და ახალ პროგარამას შორის არსებულ რამდენიმე განსხვავებაზე ისაუბრა.


მისი თქმით, 2 წლის წინ არსებობდა დაზღვევის 5-ლარიანი პაკეტი, რომელიც თანაგადახდას გულისხმობდა. თან იმ პერიოდში სადაზღვევო სფერო არ იყო ისე კარგად განვითარებული, როგორც დღეს და მოსახლეობას უჩნდებოდა კითხვები.


დავით სერგენკომ ასევე ჟურნალისტებთან ახალ სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.


"პროგნოზირებული პაკეტი არ არის 5-ლარიანი პაკეტი. ეს არის ე.წ. მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც  ორი ძირითადი ლოტისგან შედგება. პირველი მოიცავს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ულიმიტოდ და ამავე ლოტში შედის საბაზო სამედიცინო გამოკვლევები, როგორიც არის ელექტროკარდიოგრამა, სისხლის, შარდის საერთო ანალიზი და ა.შ. ხოლო მეორე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს გარკვეული ლიმიტის ფარგლებში. განსხვავება ამ პროგნოზირებულ პაკეტს და ე.წ. ორი წლის წინანდელ 5-ლარიან პაკეტს შორის რამდენიმე ფაქტორია. ძირითადი სხვაობაა: 1. ორი წლის წინანდელი ე.წ. 5-ლარიანი პაკეტი მოიცავდა თანაგადახდას. 2. მაშინ არ იყო ასე განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია და მოსახლეობას კითხვები უჩნდებოდა. 3. თვითონ პაკეტის შემადგენლობა არ იყო ოპტიმალური. ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი კი ყველა ანალიზის მიხედვით წარმატებული იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროგნოზირებული პაკეტი მოიცავს მინიმალურ სამედიცინო დახმარებას და არ იქნება 5-ლარიანი გადასახადი – გადახდილი იქნება არა 5 ლარი, არამედ იმდენი, რამდენიც დასჭირდება ამოცანის შესრულებას", - განაცხადა სერგენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: