დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ასევე, ყადაღა მოეხსნა ბეგიაშვილის ქონებას.

სამინისტროს ინფორმაციით, ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში ედებოდა. კერძოდ,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N44-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ.მ და სარდაფი 50 კვ.მ.) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში.

„გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში ვერც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე ვერ მიუთითეს. მოწმეებმა მხოლოდ ის გარემოება დაადასტურეს, რომ ჭავჭავაძის გამზირის N44-ში მდებარე ფართი დავით ბეგიაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა, რა ფორმით და რა ხერხით მოხდა აღნიშნული ქონების დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში გადასვლა, მოწმეების მიერ  ვერ დადასტურდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა დავით ბეგიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადასტურდა.

„გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობას დაადასტურებს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა  დავით ბეგიაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურდეს“,- აცახდებენ იუსტიციის სამინისტროში.

დავით ბეგიაშვილმა 2012 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო მოითხოვა.

პროკურატურის  შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: