ბაკურ გულუა: არსებობს შეთანხმება საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილს ოქტომბრამდე ხელი არ ვახლოთ!

ბაკურ გულუა: არსებობს შეთანხმება საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილს ოქტომბრამდე ხელი არ ვახლოთ!

"ივერიონს" ესაუბრება საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, "კონსტიტუციის დაცვის ლიგის" პრეზიდენტი ბაკურ გულუა.


_ ბატონო ბაკურ, საქართველოში არჩევნების შემდეგ არაორდინალური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა _ ხელისუფლებაში მოვიდა "ქართული ოცნება", ამავდროულად, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის _ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება" სრულყოფილად ჯერ ვერ მართავს პოლიტიკურ პროცესებს.


_ განმტკიცებულია აზრი, რომ პოლიტიკა არ არის  ზუსტი მეცნიერება. ამ დროს პოლიტიკა ყველაზე ახლოს დგას მათემატიკასთან. პოლიტიკა ფილოსოფიური, მსოფლმხედველობრივი სფეროა, მაგრამ ის არის ზუსტი მეცნიერება, იმიტომ, რომ რაც მომხდარა და ახლა რაც ხდება, ან მომავალში მოხდება, ყველაფერი ექვემდებარება წინასწარ პროგნოზს. შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ, რომ არაფერი მოულოდნელი და გასაოცარი ჩვენს ქვეყანაში არ ხდება.


_ ესეც კანონზომიერია, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიგო ერთმა ოპოზიციურმა ძალამ და ახლა პრეზიდენტი ხალხის მიერ უმრავლესობით არჩეულ ამ პოლიტიკური ძალის ოპოზიციაა?


_ ის რაც ხდება, რა მდგომარეობაშიც ვართ, არაფერი არ არის მოულოდნელი, ყველაფერი იყო პროგნოზირებადი, მათ შორის, ის შედეგებიც, რომელიც არჩევნების შემდეგ მივიღეთ.


_ მაგრამ შესაძლოა, ამ შედეგებმა პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს? ასეთ პერსპექტივას არაერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი პროგნოზირებს.


_ დღეს ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ერთი პოლიტიკური კოალიციის ხელში, მაგრამ ამ პოლიტიკურ ძალას პრეზიდენტი უდგას ოპოზიციაში. რა გამოდის?! პრეზიდენტი არის ხალხის ნების წინააღმდეგი? ის არის არა "ქართული ოცნების" ოპოზიცია, არამედ საკუთარი ხალხის ოპოზიციაა. როგორ შეიძლება პრეზიდენტი, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, თბილისს, სადაც მისი პარტია უმრავლესობაშია, საკუთარი ხალხის ოპოზიცია იყოს? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის ქადაგებაში გასაგებად ბრძანა: როგორ შეიძლება პრეზიდენტი ოპოზიციაში იყოსო?! რელიგიური მოღვაწის, ერის სულიერი მამის მხრიდან საკითხი, რა თქმა უნდა, სწორად არის დასმული. ახლა საკითხს პროფესიონალი პოლიტიკოსის თვალით შევხედოთ. არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის უმაღლესი ხელისუფალი, იყოს ოპოზიციაში. და ამას ცალსახად პასუხობს საქართველოს კონტიტუცია (1995), რომელიც კრძალავდა პრეზიდენტის მიერ პარტიის ლიდერობას. ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში სწორედ ეს პროგნოზირებადი შედეგი მოჰყვა. ამაშია პრობლემის "ხელოვნურად" შექმნის ხელოვნება.   თქვენი შეკითხვის პასუხი კი ასეთია _ პოლიტიკური კრიზისი კი არ არის მოსალოდნელი, ჩვენ უკვე კრიზისში ვართ.


_ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან?


_ ადიდებულ წყალში ვიდრე შეხვალ, მანამდე უნდა გათვალო, გაცურავ ამ წყალს თუ ვერა. თუ ადიდებულმა წყალმა წაგიღო, რამდენიც უნდა იძახო, მიშველეთო, იშვიათად გიშველიან - ან დაიხრჩობი, ან ნახევრად მკვდარს გამოგიყვანენ. გონიერი ადამიანი იმ მდინარეში არ შედის, რომელმაც, შესაძლოა, დაახრჩოს. ჩემი პირადი ტრაგედიის გამო, წლების განმავლობაში ვერ ვადევნებდი თვალს პოლიტიკურ მოვლენებს. ამ პერიოდში საქართველოში ბევრი ისეთი რამ  მოხდა, რომელმაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. გახსოვთ მოვლენა, რომელსაც "ვარდების რევოლუცია" დაერქვა და  ამ რევოლუციის მიზეზებით - საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. 2003 წელს, ამ "გაყალბებული" არჩევნების შედეგად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დატოვეს პარლამენტში, ხოლო ხელახალი არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა და ისიც 6 თვის შემდეგ. პროცედურების დარღვევით კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და ახალი სახელისუფლებო შტო _ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი დაამატეს, რათა ზურაბ ჟვანიასთვის თანამდებობა გამოეძებნათ. ამის გამო საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველობითი პრინციპები ძირეულად უარყვეს. პირველი კონსტიტუცია შეცვალეს. საქართველოს პარლამენტში შეჭრა და ერთი პირის მიერ ლანგრით ხელისუფლების მირთმევა ახალი პოლიტიკური ძალისთვის იყო ქართველი დემოკრატიის შეურაცხყოფა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა არჩევნები და 5 წლით ნდობა გამოუცხადა შეუმოწმებელ ადამიანსა და მის შეუმოწმებელ თანამოაზრეებს. დიახ, ეს ქართველი ხალხისა და დემოკრატიის დიდი შეურაცხყოფა იყო.


გახსოვთ, როცა ე.წ. "ვარდების რევოლუცია" მოხდა, "რევოლუციის ლიდერებმა" გამოაცხადეს, ედუარდ შევარდნაძეს ქმედუუნარობის გამო აღარ შეუძლია ქვეყნის მართვა და მის უფლებამოსილებას პარლამენტის თავმჯდომარე შეითავსებსო. ამ დროს კონსტიტუციაში არ იყო მუხლი, რომელიც ამას განსაზღვრავდა. მათი ეს განცხადება და შესაბამისად, თანმდევი ქმედებები,  უკანონო იყო. კონსტიტუციაში არის მუხლი, თუ პრეზიდენტი გადადგება ნებაყოფლობით, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს და  პარლამენტი ვალდებულია, 40 დღეში ჩაატაროს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ იყო იმ დღეს, როცა პარლამენტში შეიჭრნენ?


_ ნინო ბურჯანაძე.


_ არა, როგორც კი პარლამენტის სხდომა გაიხსნა, ძველმა, 1999 წელს არჩეულმა პარლამენტმა დაკარგა უფლებამოსილება. კონსტიტუციაშიც ასე წერია სიტყვა-სიტყვით _ როგორც კი გაიხსნება ახლადარჩეული პარლამენტის სხდომა, მანამდე არჩეული, წინა პარლამენტი კარგავს უფლებამოსილებას. დიახ, ასეა, რადგან ერთი წუთითაც კი არ შეიძლება ორხელისუფლებიანობა დაუშვა.  ამას მკაცრად განსაზღვრავდა იმჟამინდელი კონსტიტუცია. თუ თქვენ დაუშვებთ, რომ ახლადარჩეული პარლამენტის სხდომა გაიხსნა, ხოლო ძველი, სადღაც სხვაგან შეიკრიბა, ეს არის ორხელისუფლებიანობა და მერე იწყება პოლიტიკური კრიზისი.


_ "ვარდების რევოლუციის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ რადგან 2003 წლის 22 ნოემბერს, ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდა, ის იყო არაკანონიერი. ისინი აპელირებენ ტერმინით "უფლებამოსილების ცნობა".


_ კი, მაგრამ მაგდაგვარი არაფერი ეწერა კონსტიტუციაში. მე თავად ვმონაწილეობდი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნაში და ზეპირად ვიცი ეს პოზიციები. კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ თუ პარლამენტის სხდომა გაიხსნა, ძველი პარლამენტი ავტომატურად კარგავს უფლებამოსილებას. აბა, უკანონო რომ იყოს, ისე ხომ არ შეიკრიბებოდა ახალი პარლამენტი? ახლა, თუ მაინცდამაინც "უფლებამოსილების ცნობას" ჩამოვეკიდებით, ამ საკითხშიც არ არიან მართლები. ცესკო-მ თავის სხდომაზე სცნო 2003 წლის არჩევნების შედეგები და სწორედ მისი კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიკრიბა ახალი პარლამენტი. აქედან გამომდინარე, ძველი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერება იყო ანტიკონსტიტუციური. სლენგის ენაზე რომ ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძემ თავისი ზეპირი განცხადებით "გააპრავა" რევოლუციონერთა ძალადობა. მოდით, შევთანხმდეთ, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები მართლაც გაყალბდა. ასეთი იყო  "მოქალაქეთა კავშირის" მიერ(ახალი რევოლუციონერების) მყარად დამკვიდრებული ტრადიცია. თუ გაყალბდა, მაშინათვე, რა უნდა დანიშნულიყო?


_ არჩევნები...


_ აგაშენათ ღმერთმა! უნდა დანიშნულიყო საპარლამენტო არჩევნები და არა საპრეზიდენტო. პრეზიდენტს წელიწადნახევარი კიდევ  ჰქონდა ვადა დარჩენილი. რა მოთხოვნები ჰქონდათ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მერე ქუჩაში გამოსულ პროტესტანტ ლიდერებს და მათ მიერ გამოყვანილ ხალხს, გაიხსენეთ ერთი.


_ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.


_ მერედა, რატომ არ დანიშნეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? ისიც გაიხსენეთ, ის პარლამენტი, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნების შედეგებზე იყო პასუხისმგებელი, არათუ დაითხოვეს, არამედ 6 თვით უფლებამოსილების ვადა გაუგრძელეს და სწორედ  ამ პარლამენტმა დანიშნა 28 მარტს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, ამ პარლამენტმა შეიტანა ძირეული საკონსტიტუციო ცვლილებები. გამოდის, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს დაანიშნინეს ახალი საპრეზიდენტო(2004 წლის 5 იანვარი) და საპარლამენტო(2004 წლის 28 მარტი) არჩევნები. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნული და მის მიერვე ჩატარებული არჩევნებიც არალეგიტიმური გამოდის. ლოგიკას რომ მივყვეთ, ასე გამოდის: თუ უკანონო იყო არჩევნები, მაშინ 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებიც არაკანონიერია. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს თავისი პროცედურა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად არის გაწერილი კონსტიტუციაში. არც ერთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ მომხდარა საზოგადოებაში და არ დაუცავთ პროცედურა, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.


ახლა ერთ დიდ უკანონობასაც მიაქციეთ ყურადღება. მაჟორიტარული არჩევნები, კარგად მოგეხსენებათ, 2004 წელს არ ჩატარებულა, რატომღაც, გაყალბებულად მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული (2003 წ.) არჩევნები აღიარეს. ამ გაყალბებული არჩევნებით არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა 2004 წლის აპრილში მოხდა. ყველანაირი ლოგიკით, ამ დღემდე, აპრილამდე, ეს მაჟორიტარი დეპუტატები ჯერ არ იყვნენ თავიანთ უფლებამოსილებაში ცნობილნი, ანუ საკანონმდებლო ორგანოს _ პარლამენტის წევრებად არ ითვლებოდნენ. სადმე  თუ გინახავთ, ხალხმა დეპუტატი აირჩიოს და მთელი კორპუსი უკანონო პარლამენტმა 6 თვის განმავლობაში პარლამენტის  შენობაში არ შეუშვას. დემოკრატიის ამაზე მეტი დამცირება, რა იქნება? მგონი, აღარ ღირს სიტყვის გაგრძელება იმის თაობაზე, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძირეულად არაკანონიერი იყო.


ახლა ისევ მაჟორიტარებზე მოგახსენებთ, როგორ მოხდა, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს  პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები  გაყალბდა და მაჟორიტარული წესით ჩატარებული არ გაყალბდა? თუ ცესკო-მ გააყალბა არჩევნები იმჟამინდელი  ხელისუფლების სასარგებლოდ, რატომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები გააყალბა? სახელისუფლებო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების  სასარგებლოდ არ გააყალბებდა? ეს სრული აბსურდია, მეტიც, საკანონმდებლო ნონსენსია.


დღეს იჭერენ ადამიანებს, სახელმწიფოს 30 ტონა ბენზინი რომ მოჰპარა და დიდი აურზაურია ამაზე ატეხილი. 30 ტონა ბენზინის მოპარვა უფრო დიდი დანაშაულია, თუ არჩევნების გაყალბება, გაყალბებული არჩევნების შედეგების კანონიერად ცნობა, ქვეყნის საკონსტიტუციო სივრციდან ამოგდება და ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა? ამ კითხვაზე პასუხი ისედაც ნათელია. ეს შეკითხვა ვიღაცამ ხომ უნდა დასვას? ეს შეკითხვა მე დავსვი, დავწერე, ხელიც მოვაწერე და ჩავაბარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, ამერიკის ელჩს, საქართველოს პატრიარქს და ყველა აკრედიტებულ ელჩს.


_ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისგან თუ მიიღეთ პასუხი?


_ არც ერთისგან! თუმცა მითხრეს, რომ სააკაშვილმა წაიკითხა ჩემი წერილი და ასე თქვა, _ იურიდიულად ყველაფერში მართალია, მაგრამ ჩვენ ხომ კანონებით არ ვმართავთ ქვეყანასო. ეს სტალინმა თქვა თავის დროზე და სააკაშვილმა იგივე გაიმეორა. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლების სამივე შტო  ფეხქვეშ ამოიდო. შეიძლება ითქვას, მიიტაცა თავისი ერთგული ადამიანების ხელშეწყობით, ან  დანაშაულებრივი სიჩუმით.


მოდით, უკანონო პარლამენტს დავუბრუნდეთ. ევროპის პარლამენტის გენერალურ ასამბლეას მიღებული აქვს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება წინასწარ, 2004 წლის 28 იანვარს გააფრთხილა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთა მთელი პაკეტი, რომლის მიღებასაც აპირებდნენ პარლამენტში, არ გაეტანათ და არ მიეღოთ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში. ე.ი. ევროპარლამენტმა საქართველო 9 დღით ადრე გააფრთხილა.  ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს, სადაც ეს, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები ნეგატიურადაა შეფასებული. თუმცა, არავის აზრი არ გაითვალისწინეს და მაინც ისე შეცვალეს კონსტიტუცია, რომ ფაქტობრივად, თვითმპყრობელობა დაამყარეს ქვეყანაში.


ასე მოვედით 2007 წლამდე. რა მოხდა 2007 წლის ნოემბერში, კი ვიცით ყველამ და ამის შემდეგ გადადგა პრეზიდენტი _ შეიმოკლა საპრეზიდენტო ვადა, დანიშნა ახალი არჩევნები, რომელშიც ჰქონდა გარანტიები, რომ გაიმარჯვებდა. ესეც კონსტიტუციის უხეში დარღვევა იყო _ ხალხმა იგი 2009 წლის იანვრამდე აირჩია და არ ჰქონდა უფლება, გადამდგარიყო და შეემოკლებინა საპრეზიდენტო ვადა. თუ მაინც და მაინც გადადგომა უნდოდა, მაშინ გადამდგარიყო და ხელმეორედ არ უნდა ეყარა კენჭი პრეზიდენტად _ ეს უკვე კანონიერი იქნებოდა. თვით საფრანგეთის დიდმა პრეზიდენტმა დე გოლმაც რეფერენდუმი დანიშნა და არა არჩევნები. როცა გაიგო, რომ რეფერენდუმის თანახმად, ფრანგი ხალხის უმეტესობა არ უჭერდა მხარს, იმავე დღეს გადადგა _ აი, დემოკრატია, კანონისა და საკუთარი ხალხის პატივისცემის საუკეთესო მაგალითი!


_ მიხეილ სააკაშვილსაც რეფერენდუმი უნდა დაენიშნა?


_ რა თქმა უნდა! ეს იქნებოდა სამართლიანი. თუ რეფერენდუმის ეშინოდა, მაშინ პლებისცისტი ჩაეტარებინა. როცა 7 ნოემბერს ხალხი გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტმა დაარბია ეს ხალხი. მაშინ სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, ეს იყო ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ უცხოური აგენტურის საფარქვეშო.


ბუნებრივია, მას ჰქონდა მეტი ინფორმაცია, ვიდრე ხალხს, მაგრამ გაემართა რეფერენდუმი ან პლებისცისტი და გაეგო, რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს რეალურად და რამდენი _ არა!


ახლა ლაპარაკობენ, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა იანვარში ეწურება, ოქტომბრამდე თვითნებურად გაიგრძელა ვადა და არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავსო. არა, ბატონებო, 5 წელია არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს, რადგან 2008 წლის იანვარში  ჩატარებული არჩევნები უკანონო იყო. ხედავთ, უკანონობის მთელი კასკადია. აი, ეს ყველაფერი გახლავთ "უგუნური კრიზისების" მიზეზი.


2009 წელს  ჩვენ შევქმენით "კონსტიტუციის დაცვის ლიგა" და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელით, რომ პრეზიდენტი იყო არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით არჩეული და მან არაკანონიერად გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა. საკონსტიტუციო სასამართლომ წელიწადნახევრის შემდეგ გვიპასუხა, როცა ყველაფერი ჩავლილი იყო, კონსტიტუციის მუხლში რაც წერია, ის კონსტიტუციურია და ჩვენ მისი რევიზიის უფლება არ გვაქვსო. ეს ჩვენი თავიდან მოცილების მარადიული გზა იყო.


სწორედ კონსტიტუციური სივრციდან ამოვარდნამ, უკანონობის დაკანონებამ, მიგვიყვანა იმ პიროვნულ და სახალხო ტრაგედიამდე, რომლებიც 2004 წლის შემდეგ დატრიალდა ქვეყანაში. სწორედ უკანონობის ამ ჯაჭვის შედეგია 2011 წლის 26 მაისი და ე.წ. ციხის გახმაურებული კადრები. ეს უდიდესი სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის.


როცა ჩვენ მივმართავდით ვენეციის კომისიას, ეუთოს, ევროსაბჭოს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს: რომ მიხეილ სააკაშვილი არაკანონიერი პრეზიდენტი იყო, რატომ არ გვპასუხობდნენ? იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილი მათ ინტერესებში იჯდა. ახლა? ახლა რატომ გააქტიურდნენ, როცა ივანიშვილი გამოჩნდა და შეიცვალა ხელისუფლება? დღეს ყველა ერთსულოვანია _ როგორ გაბედა ახალმა ხელისუფლებამ და 5 თუ 7 ეჭვმიტანილი პროცედურული ნორმების დარღვევით დააპატიმრესო. რა, ადრე არ ირღვეოდა პროცედურები? პოლიტიკური ნიშნით დაჭერებზეც ალაპარაკდნენ უცხოელები. სირცხვილია! სააკაშვილს რომ დაუჭერია ხალხი პოლიტიკური ნიშნით, იმდენი ვის დაუჭერია? რატომ არ იღებდნენ მაშინ ხმას? მაშინ დღეში 100 კაცს იჭერდნენ და დუმდი, დღეს 20 კაცს იჭერენ და ყვირი _ არ დაგიჯერებს ქართველი ხალხი, რადგან არ მოტყუვდება. მაშინაც მართალი იყავი, სააკაშვილი ყოველდღე ხალხს რომ არბევდა და ციხეები გადაავსო პატიმრებით, შენ კი დუმდი და ახლაც მართალი ხარ, კრიმინალებს რომ პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებ? თან, ჯერ ოცამდე კაცია დაჭერილი და აგერ, საქართველოს პარლამენტმა 190 კაცს პოლიტდევნილის სტატუსი მისცა. ასე, ორმაგი სტანდარტით მიდგომა არ გამოვა. როდის ქომაგობდნენ საქართველოს _ მაშინ თუ დღეს? მაშინაც და დღესაც? _ არ არის დამაჯერებელი! მაშინ, უნდა დაგვაყენონ სწორ გზაზე: მართლა უნდა დაგვაახლოვონ დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს და აი, მერე დავუჯერებთ.


როცა ვლაპარაკობთ სახელისუფლებო კრიზისზე, შემდეგი რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. კი, მიხეილ სააკაშვილმა ახალ ხელისუფლებას დაუთმო ძალოვანი სამინისტროები და რეალურად კონსენსუსის საფუძველზე კი არ დაინიშნენ ისინი, არამედ ვინც ივანიშვილმა შესთავაზა, სწორედ ისინი გახდნენ მინისტრები. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაჰყვა ივანიშვილის ნებას. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტს ერთ დღეს შეუძლია სამივე ძალოვანი მინისტრის მოხსნა ისე, რომ არავის დაეკითხოს. როცა თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის ახალი უფროსი წარადგინა, სააკაშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ის მე დავნიშნეო და ხელახლა თვითონ წარადგინა. ამით ხაზი გაუსვა, რომ მას აქვს რეალური ბერკეტები და მათ დათმობას არ აპირებს. პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრთან შეთანხების გარეშე, შეუძლია მოხსნას სარდალი _ გენერალური შტაბის უფროსი. ესეც დავიმახსოვროთ. და ბოლოს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, შეიარაღებული ძალები მას ემორჩილება - მას შეუძლია მოიყვანოს ისინი სრულ საომარ მზადყოფნაში. თუ ეს გააკეთა პრეზიდენტმა, მაშინ რაზეა იგი წამსვლელი, ამის გათვლა თქვენთვის მომინდია. კრიზისი როდის იწყება, იცით? როცა ადამიანი არის გამოუვალ მდგომარეობაში, ვერ პოულობს ჩიხიდან გამოსავალს. დღეს მთელი საზოგადოება უბიძგებს ივანიშვილს, რომ ის მიიყვანოს გამოუვალ მდგომარეობამდე. სააკაშვილს გამოსავალი როცა არ ექნება, რას იზამს, ეს არის თუ არა პროგნოზირებადი? გათვლილი აქვს ვინმეს მისი შესაძლო ქმედებები კრიზისის დროს?


_ მაგრამ პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ გარე საფრთხეების შემთხვევაში შეუძლია ჯარის გამოყენება.


_ მერედა, მე ვთქვი, რომ შიდა სააფრთხეებს დაუპირისპირებს ჯარს? რა უნდა გარე საფრთხის ხელოვნურად შექმნას? შემოიყვანო საზღვარზე რამდენიმეკაციანი შეიარაღებული დაჯგუფება. რა, ვერ მოახერხებს? არ იყო ამის მცდელობა? აი, ასეა საქმე.


ერთი რამ არ ვთქვა, არ შეიძლება. ქართულ პოლიტიკაში მოაზროვნე ხალხის დეფიციტია. მე არ ვამბობ, რომ ქართულ საზოგადოებაში არ არიან მოაზროვნე ადამიანები, არიან და საკმაოდ მრავლადაც, მაგრამ ის მოაზროვნე დღეს ბუხართან ზის და დარდობს, ან ყანწით ხელში სვამს საქართველოს სადღეგრძელოს, ხოლო ქვეყანას მართავს უაზრობა. არათუ არ უსმენენ და არ უჯერებენ, რჩევასაც კი არ ეკითხებიან საქართველოს პატრიარქს _ თანამედროვეობის უდიდეს მოაზროვნეს. ამას წინათ პატრიარქი მუსლიმთა მუფტის მიწვევით, კუვეიტში იმყოფებოდა. რა ნახა, იცით იქ? ამ პატარა ქვეყანაში არის დარბაზი, სადაც თვეში ერთხელ (ზოგჯერ უფრო ხშირადაც) იკრიბება ერის მოაზროვნე ხალხი. თავიანთ შეხედულებებს აყალიბებენ ქვეყანაში მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებზე, ამ ყველაფერს წერილობით გადასცემენ პრეზიდენტს, მთავრობას ან პარლამენტს და მიდიან სახლში. არავინ კეტით ხელში ქუჩაში არ გამოდის იქ და არავითარი აგრესიული ოპოზიცია იქ არ არსებობს. საქართველოში, სადმე ხომ არ გეგულებათ ასეთი დარბაზი? არა, ხომ? ძალიან სამწუხაროა და ამიტომაც გვაქვს საქმე ასე.


ჩაწერეთ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილი და ქვემოთ მიუწერეთ 149 კაცი, ნებისმიერი არაპოლიტიკოსი და სრულიად უცნობი ადამიანები. ჩაატარეთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და მერწმუნეთ, ივანიშვილი ისევ უმრავლესობით მოვა პარლამენტში. ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა. საქართველოს პარლამენტში არ არის წარმოდგენილი მოაზროვნე საქართველო. საზოგადოების ნაწილის წარმომადგენლები არ სხედან პარლამენტში. ხალხს ასარჩევად აღარც ჰქონდა საქმე _ ოღონდ მოეცილებინა ძველი ხელისუფლება, ყველამ ივანიშვილის პარტიას მისცა ხმა.  ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროსაც _ ზვიადი იყო ლოკომოტივი და ვინც არ უნდა "ჩაგება", "მრგვალი მაგიდა" მაინც მოიგებდა არჩევნებს.


_ დიდი კამათია გაჩაღებული, თუ როდის უსრულდება პრეზიდენტს უფლებამოსილება. საზოგადოების მცირე ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილს ოქტომბერში გასდის საპრეზიდენტო უფლებამოსილება, რადგან  კონსტიტუციაში ასე წერია. არადა, სააკაშვილი 5 წლით აირჩია ხალხმა პრეზიდენტად, 5-წლიანი ვადაც ხომ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც იანვარში ეწურება. არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება იანვარში შეუჩერდეს?


_ თუ ჩვენ ვთვლით, რომ საპრეზიდენტო ვადა 2008 წლის 5 იანვარს დაიწყო, მაშინ ეს ვადა 2013 წლის 5 იანვარს იწურება. ვინ არის ის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს?


_ ერთადერთი პარლამენტს შეუძლია არაკანონიერი საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუგრძელოს ვადა, მაგრამ ახლა საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავს.


_ კი, მაგრამ 3 თვის წინ ხომ ჰყავდა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? 10 წლით რომ გაეგრძელებინა, მერე რას ვშვებოდით? მოდით, დავტოვოთ ეს კითხვა ღიად და იმას ვუპასუხოთ, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით შეიძლება შეუჩერდეს პრეზიდენტს 5 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილება. ყველა იურიდიული ნორმით, არჩევნები 2013 წლის იანვარში უნდა დაინიშნოს.  თუმცა, დავუშვათ, რომ ოქტომბერში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. რაიმე მიზეზით, რომ ჩაიშალოს ეს არჩევნები? ხომ ხელახლა იქნება დასანიშნი. სანამ ახალს არ აირჩევენ, ძველი აგრძელებს პრეზიდენტობას. სად არის გარანტია, რომ სააკაშვილის უკანონოდ გაზრდილი 10 თვიანი საპრეზიდენტო ვადა, მართლა 10 თვიანი იქნება და არა მეტი? გამოდის, რომ მუდმივი პრეზიდენტი გვყოლია. მივწერეთ ამის შესახებ ახალ პარლამენტს, ვახტანგ ხმალაძემ და დავით უსუფაშვილმა პრაქტიკულად ერთნაირი განცხადებები გააკეთეს _ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერშიაო დანიშნული. ეგ ვინ არ იცის? მაგრამ ეს ადამიანები არჩევნებამდე არ არწმუნებდნენ ხალხს, 2013 წლის 5 იანვარს გაუდის მოქმედ პრეზიდენტს საპრეზიდენტო უფლებამოსილება და ამის შემდეგ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნებაო? მაშ, რასთან გვაქვს საქმე?  ხალხის ზურგსუკან რაღაც შეთანხმებასთან. ოღონდ, არა ერთმანეთთან შეთანხმებასთან, არამედ ქვეყნის გარეთ _ ახალ ხელისუფლებას უთხრეს, რომ სააკაშვილს ოქტომბრამდე არ ახლოთ ხელიო, მან უნდა დაასრულოს თავისი საპრეზიდენტო ვადაო.


მე, როგორც "კონსტიტუციის დაცვის ლიგის" პრეზიდენტი, ვაცხადებ პროტესტს ამ შეთანხმების გამო. ახალ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ნების გარეშე, ამ შეთანხმების დადების უფლება არ აქვს. კონსტიტუციური ნორმა, რომელიც 2006 წლის ცვლილებების შემდეგ გაჩნდა და რომლის თანახმადაც, ოქტომბერში ტარდება არჩევნები, იყო წინასწარ გათვლილი. სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ვადამდე გადადგა, მაინც გამოსდის პრეზიდენტობის 10 წელიწადი. აი, ამ გზით აინაზღაურა ერთწლიანი დანაკარგი.


გამოსავალი, რომ სააკაშვილს იანვარში შეუწყდეს უფლებამოსილება, ცხადია, არის. მას არ აუნდა არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა. საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია უკანონოდ, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2004 წლის 6 თებერვალს მიიღო საქართველოს ასევე არაკანონიერმა პარლამენტმა. ეს ცვლილებები დაგმობილია ვენეციის კომისიისა და ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის მიერ. აი, იმ ცვლილებებს უნდა დავუბრუნდეთ.


_ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება ამის განხორციელებას.


_ სამაგიეროდ, სამართლიანობა აღდგება. უნდა გაუქმდეს ეს ცვლილებები, როგორც საკონსტიტუციო ცვლილების დარღვევით მიღებული და დავუბრუნდებით საპრეზიდენტო მმართველობის ძველ მოდელს (2004 წლამდე), როცა ერთი კაცი იყო პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარეც _ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტიც ავტომატურად გაუქმდება. უკვე მოგახსენეთ, რომ ეს სახელისუფლებო შტო ზურაბ ჟვანიას გამო შეიქმნა.


ერთი ძველი ანეკდოტით დავასრულებ ამ ჩვენს საუბარს. პატრიარქს აჩუქეს მობილური ტელეფონი და უთხრეს, ეს ტელეფონი არ ისმინებაო. პატრიარქმა ბრძანა _ რად მინდა მე ასეთი ტელეფონი, მე ისეთი მინდა, რომ მოისმინონო. მე ვკითხე მის უწმინდესობას, მართალი იყო ეს თუ ხალხის ფანტაზიის ნაყოფია-თქო. პატრიარქმა ბრძანა _ კი, ვუთხარი, მაგრამ მე ასე ვუთხარი _ მოისმინონ და დამიჯერონო!


დიახ, ვიდრე პატრიარქს არ მოვუსმენთ და არ დავუჯერებთ, ასეთ დღეში ვიქნებით!

ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: