მეოცნებე "ნაციონალები", ანუ რატომ გვემუქრებიან აპრილით?!

მეოცნებე "ნაციონალები", ანუ რატომ გვემუქრებიან აპრილით?!

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და დაბალი რანგის ლიდერები მედიითა და სოციალური ქსელების საშუალებით დღენიადაგ იმუქრებიან _ აპრილში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პარლამენტს დაითხოვს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და, აგერ ნახეთ, იმ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას თუ არ მოიპოვებსო.


ჯერ ერთი, ვინ ვის დაითხოვს და გადააყენებს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მეორეც, თუნდაც ასე მოხდეს და სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის რეალური საფუძველი მიეცეს _ მართლა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, "ნაციონალური მოძრაობა" არათუ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ის 40%-იანი შედეგიც სანატრელი გაუხდება, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დააგროვა.


მტკიცება არ სჭირდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა", თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მარცხისთვისაა განწირული. მართალია, "ქართული ოცნება" წინა საარჩევნო დაპირებათა რეალიზებას საკმაოდ ნელ-ნელა ახორციელებს, შესაძლოა, აპრილამდე დიდი და ხელშესახები ძვრები არც მოხდეს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ დემოკრატიულ ცხოვრებაში, მაგრამ ეს მაინც არ ასხამს წყალს "ნაციონალთა" აშკარად მოშლილ წისქვილზე.


არც ის იქნება გასაკვირი, რომ "ქართულ ოცნებას" აპრილისთვის გაცილებით დაბალი რეიტინგი ექნება, ვიდრე წინასაარჩევნოდ ჰქონდა _ გარდამავალი პერიოდის მთავრობას 6 თვეში სასწაულები არსად  მოუხდენია და 4 წლიან პერიოდზე გათვლილი პროგრამის 6 თვეში განხორციელებაც არარეალურია. "ქართული ოცნების" შედარებით დაბალი რეიტინგი "ნაციონალურ მოძრაობას" შვებას ვერ მისცემს, რადგან 1 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" ამომრჩეველი აპრილში "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი ვერ გახდება. თუ საბოლოოდ, დავუშვებთ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 15%-ით დაეცა, ცხადია, ეს 15% ჰაერში არ გაიფანტება (არ დაიკარგება), მას პატრონი გამოუჩნდება _ "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველი ხმას სხვა პოლიტიკურ პარტიებს მისცემს. ასეთები კი მრავლად არიან. თუნდაც, ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, ირაკლი ოქრუაშვილის ან გიორგი თარგამაძის პარტიების სახით, მაგრამ ის ხალხი, რომელიც 6 თვის წინ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი იყო და დღემდე "ნაცმოძრაობის", როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვასა და გასამართლებას ითხოვს, ამ პარტიას ერთ ხმასაც კი არ მისცემს.


ამდენად, "ნაცმოძრაობის" ფან-კლუბის წევრებს ტყუილად ეიმედებათ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემა მათი საყვარელი პარტიის  რეიტინგის ამაღლების წინაპირობაა.


მიხეილ სააკაშვილმა თუ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, მის პარტიას შესაძლოა, 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეს! ამასთან, დიდი შანსია, 73 მაჟორირატულ ოლქში ერთი მაჟორიტარი დეპუტატიც ვერ გაიყვანოს. რატომ? პასუხი ძალზე მარტივია _ "ნაცმოძრაობამ" დაკარგა ე.წ. სახელისუფლებო რესურსი და მასთან დაკავშირებული ის სიკეთეები, რომლითაც მათთვის ხმების მოტანის გარანტია იყო. ცხადია, ეს რეზერვი ძალიან სოლიდური გახლავთ. მათ სრულად ჩამოთვლას არ მოვყვები, მხოლოდ მცირედს გავიხსენებ.


"ნაციონალური მოძრაობა" აღარ აკონტროლებს შს სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური დაცვის სამსახურს. შესაბამისად, ამ უწყებების თანამშრომლებს, როგორც ეს უწინ იყო, ვეღარ დაემუქრებიან, ვეღარ დააშანტაჟებენ _ თუ ხმას მმართველ პარტიას არ მისცემთ, სამსახურს დაკარგავთო. ცხადია, "ნაცმოძრაობამ" ამ უწყებების თანამშრომლებზე კონტროლის დაკარგვით, მათი ოჯახის წევრებზე კონტროლიც დაკარგა. ყველას კარგად მოეხსენება ისიც, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა ოჯახების წევრებიც შვილის (ქმრის, ძმის) სამსახურის დაკარგვის შიშით, ყოფილი მმართველი პარტიის ამომრჩევლები იყვნენ.


1 ოქტომბრის არჩევნების გარდა, ყველა არჩევნებში, პატიმართა ოჯახის წევრები არათუ "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლები იყვნენ, არამედ მათი უხელფასო აქტივისტებიც _ ისინი ცდილობდნენ "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ ემუშავათ და მათთვის მხარდამერები მოემრავლებინათ. ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, "ნაცმოძრაობამ" ეს რესურსიც დაკარგა _ 1 ოქტომბერს პატიმართა ოჯახის წევრებმაც კი "ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა (მცირე გამონაკლისის გარდა). ახლა, მით უმეტეს _ პატიმრებით მანიპულირებას ვეღარ შეძლებენ!


აქვე "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთ დაკარგულ "ხმათა რესურსზე" მოგახსენებთ _ ესენი წინასწარ პატიმრობაში მყოფი, მაგრამ ჯერ კიდევ არმისჯილი ადამიანები იყვნენ.
"ნაციონალური მოძრაობა" ასევე შანტაჟისა და მუქარის საშუალებით, საკუთარ ამომრჩევლად აქცევდა ხოლმე პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს. 200 ათასზე მეტი პრობაციონერია საქართველოში და დაუმატეთ ახლა მათი ოჯახის წევრები. დიახ, ეს რესურსიც დაკარგა სააკაშვილმა.


შს სამინისტროზე კონტროლით "ნაცმოძრაობამ" დაკარგა კუდ-ი, სოდ-ი და კრიმინალური პოლიცია _ ის სტრუქტურები, რომელთა მეშვეობითაც ოპოზიციის აქტივისტებს დევნიდა, აშანტაჟებდა და ხშირად აპპატიმრებდა იარაღისა თუ ნარკოტიჯების "ჩადებით". ამ გზით ოპოზიციის მომხრეთა ნაწილს ანეიტრალებდა და ისინი საერთოდ არ მიდიოდნენ არჩევნებზე. ცხადია, ამით მოგებული "ნაცმოძრაობა" რჩებოდა, ნაწილი კი "ნაციონალებს" აძლევდა ხმას. ვანო მერაბიშვილის მიერ ლამის პოლიტიკურ იარაღად ქცეული ამ მონსტრი დეპარტამენტების დაკარგვით, "ნაციონალებს" მძლავრი იარაღი და შესაბამისად, დიდი რაოდენობის იძულებითი ამომრჩეველი გამოეცალათ ხელიდან.


"ნაცმოძრაობა" ვეღარც ბიზნესს აკონტროლებს. მათ "საარჩევნო ყულაბაში", ამ სფეროდანაც ათეულ ათასობით ძალდატანებითი ხმა მიდიოდა. უკვე ყველამ იცის, რომ ხელისუფლებასთან შეზღუდული ქართველი ბიზნესმენები წინასაარჩევნოდ საგანგებო თათბირებს მართავდნენ და თანამშრომლებს დათხოვნით ემუქრებოდნენ, თუ ხმას "ნაცმოძრაობას" არ მისცემდნენ. ეს ძირითადად მსხვილ კომპანიებში ხდებოდა, ოლიგარქებს "ნაცმოძრაობა" ნაკლებად ადარდებდათ _ ისინი ხელისუფლებას იყვნენ მიბმულნი და მათი ბიზნესის პერსპექტივა, სწორედ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნაზე იყო დამოკიდებული. დღეს ბიზნესი ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფალია. თუნდაც "ნაციონალთა" ყველაზე თავგადაკლული მომხრე თათბირს ვეღარც წინასაარჩევნოდ გამართავს და თანამშრომლებს ვეღარც აიძულებს "საყვარელი" პარტიის მხარდაჭერას. უწინდელისგან განსხვავებით, ხალხში შიში გამქრალია და თუ ვინმე ამგვარი თათბირი ჩაატარა, მისი რეპორტაჟი მეორე დღესვე რომელიმე გაზეთის ფურცლებზე იქნება დაბეჭდილი ან სატელევიზიო კადრებით გვამცნობენ. ეს კი, ამ კომპანიის იმიჯს უდიდეს დარტყმას მიაყენებს, რაც მომავალში სხვა დანაკარგებშიც აისახება. ამდენად, ბიზნესი თავისუფალი იქნება არჩევანში და აქედან გარანტირებულ ხმებს ვერავინ მიიღებს.


"ნაციონალური მოძრაობა" ყოფილ კონტროლის პალატას", ანუ სახელწმიფო აუდიტის სამსახურს კი აკონტროლებს, მაგრამ ეს უწყება ხელისუფლებად ქცეულ "ქართულ ოცნებას" ბუზს ვეღარ უფრენს. აღარც ნათია მოგელაძის ეშინია ვინმეს. ამდენად, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციად გადაქცეულ "ნაციონალებს" ნათია მოგელაძე ვეღარ გაახარებს "ქართული ოცნების" დამფინანსებელთა ასტრონომიული თანხებით დაჯარიმებით, რაც ხალხსაც თრგუნავდა ფსიქოლოგიურად და მსურველებს "ნაციონალების" ოპონენტთა დაფინანსების ხალისს უკარგავდა.  დღეს ეს ველიც სუფთაა.


"ნაციონალურმა მოძრაობამ", დაახლოებით, 15 რაიონში უკვე დაკარგა საკუთარი გამგებლები, ზოგან საკრებულოს თავმჯდომარეებიცა და საკრებულოს უმრავლესობაც "მეოცნებეები" არიან. თუ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელთა ცვლა ასეთი ტემპით გაგრძელდა, 6 თვის შემდეგ, თბილისის, ბათუმის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, ყველა ქალაქსა და რაიონს "ქართული ოცნება" დაეპატრონება. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ სამ ქალაქშიც შეიცვალოს მანამდე ხელმძღვანელობა. ამდენად, ბერკეტი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ჰქვია, წინასაარჩევნოდ "ნაციონალებს" ხელთ არ ექნებათ, ამით ისინი დაკარგავენ მოსახლეობაზე ზეწოლის საშუალებებსაც და იმ ადგილობრივ ბიუჯეტსაც, რომელსაც ეფექტურად იყენებდნენ წინასაარჩევნოდ ხალხის გადმოსაბირებლად _ მართალია, ქრთამს არ აძლევდნენ ამომრჩეველს, მაგრამ საკუთარ მხარდამჭერებს სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს უფინანსებდნენ!


"ნაციონალურ  მოძრაობას" აღარც სიღარიბის ზღვარს მიღა მყოფი ადამიანების იმედი უნდა ჰქონდეს. სოციალური მუშაკები, ყოველთვიურად 34 ლარს დამოკიდებულ, ლუკმა პურს დანატრებულ ადამიანებს აშინებდნენ _ თუ ხმას "ნაცმოძრაობას" არ მისცემთ, "სიღარიბის პროგრამიდან" ამოგიღებთო, ძალიან ბევრს ეშინოდა ამ მართლა უკანასკნელი ლუკმის დაკარგვის შიშით, ამ "ნაცმოძრაობას" აძლევდა ხმას. "ნაციონალებმა" დაკარგეს ამ ხალხის ხმებიც, რადგან მათ 34 ლარის წართმევით აღარ დაემუქრებიან და ხმას ვისაც სურთ, იმას მისცემენ!


დაბოლოს, "ნაციონალურ მოძრაობას" სულ ტყუილად ეიმედება ვადამდელი არჩევნების, რადგან ქართველ ხალხს 6 თვიანი მეხსიერება არ აქვს _ ხალხს ათეული წლების მანძილზე არ დაავიწყდება, რომ "ნაცმოძრაობის" ბოსები და მისი პრეზიდენტი 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად სულში აფურთხებდა.


"ნაცმოძრაობის" ფანები აპრილითა და რევანშით იმუქრებიან, თან არა მხოლოდ ნიშნის მოგებით _ მათ მართლა სჯერათ, რომ მათი დედა _ პარტია, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, აუცილებლად გაიმარჯვებს.


ვისაც სჯერა, უნდა გავატაროთ!


ჰოდა გაიარეთ!!!


ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: