ალექსანდრე რონდელი: მოსკოვი შეხვედრაზე დაგვთანხმდა

ალექსანდრე რონდელი: მოსკოვი შეხვედრაზე დაგვთანხმდა

„შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის შედგა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია“, -  ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა ИА REGNUM-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, თავად ეს ფაქტი, რომ  რუსეთ-საქართველოს შორის შეხვედრა შედგება, უკვე პოზიტიურად უნდა განვიხილოთ.


ექსპერტის განცხადებით, მთავარი ძალისხმევა და ამ შეხვედრის ორგანიზების ინიციატივა საქართველომ გამოიჩინა. მოსკოვი შეხვედრას დათანხმდა, დუმილი დარღვეულია და ეს უკვე კარგია“, - განაცხადა რონდელმა.


„მხარეები მილიმეტრითა და გრამებით წავლენ წინ. ვფიქრობ, რომ რამე კარდინალურის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ. რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ებრძოდნენ, რის შემდეგაც ერთი მხარე მეორეს ტერიტორიაზე შეიჭრა, დაიპყრო და იქ თავისი რეჟიმი დაამყარა. ყოველივე ამის შემდეგ დიალოგის დაწყება უკვე დიდ პლიუსად უნდა მივიჩნიოთ“, - აცხადებს რონდელი.


პოლიტოლოგის აზრით, თითოეული მხარე ცდილობს სრულად განახორციელოს საკუთარი მოთხოვნები, მაგრამ ასე საქმე ვერ მოგვარდება. „საქართველოს სურს, რუსეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამავე დროს თბილისი ხვდება, რომ  მოსკოვი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში მაინც. რუსეთი თავის მხრივ ცდილობს, საკუთარი გავლენა გაზარდოს საქართველოში. ხაზს ვუსვამ, თუ ორივე მხარე შეეცდება საბანი თავის მხარეს გაწიოს, ვერც ერთი ვერაფერს  მიაღწევს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა. 


რონდელი მხარეების წარმატების საიდუმლოს კომპრომისსა და მოლაპარაკებაში ხედავს. „2006 წლიდან რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის დაიხურა, თუმცა უკუპროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ფაქტობრივად,  ეს ცალმხრივი ემბარგოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შიმშილით არ ვკვდებით, თუმცა ასეთი დიდი მეზობლის გვერდით ცხოვრება და მისი ბაზრის სარგებლობაზე უარის თქმა, დიდი უჭკუობაა. ეს ფაქტი,  შესაძლოა, მოლაპარაკების საგანი გახდეს“, - განაცხადა რონდელმა.


რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, პოლიტოლოგის აზრით, მოსკოვმა შესაძლოა, საქართველოს  ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებაზე უარის თქმა სთხოვოს, ასევე აღდგეს სარკინიგზო სამსახური აფხაზეთთან და ა.შ.  რონდელის თქმით, ის სწორედ ამ შესაძლო ფაქტებს გულისხმობდა, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მილიმეტრებით მოგვარებაზე საუბრობდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: