ვიცე-პოლკოვნიკი არმინ დაუმილერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

ვიცე-პოლკოვნიკი არმინ დაუმილერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ  გერმანელი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.


ვიცე-პოლკოვნიკ არმინ დაუმილერს მედალი თავდაცვის სამინისტროსთვის გაწეული სამსახურისთვის გადაეცა. გერმანელი მრჩევლის გაცილების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა ვიცე-პოლკოვნიკ დაუმილერს მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალებში სამხედრო განათლებისა და წვრთნების სისტემის, ასევე სერჟანტთა სკოლის განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.


ვიცე-პოლკოვნიკი არმინ დაუმილერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2011 წლიდან მუშაობს. გერმანელი მრჩევლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის უწყებასთან კონსულტაციების ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. 


გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩევლის მოვლინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2003 წლიდან ორწლიანი როტაციის პრინციპის საფუძველზე ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა გერმანული მხარის დახმარებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, პირადი შემადგენლობის მართვის საკითხებში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: