ვაკო ავალიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტი ტყუილში ამხილა

ვაკო ავალიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტი ტყუილში ამხილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ფრენების გასაჯაროებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, პრაქტიკულად, ტყუილში ამხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგანაც დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა მეორე ბორტს და ამ თვითმფრინავით დაფრინავდა ნიცაში, მიუნხენში, ვარშავაში, ლას პალმასში და ასე შემდეგ. ეს არის, რასაც აცხადებდა თავდაცვის უწყება და რასაც უარყოფდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ადასტურებს, რომ სამხედრო უწყების დელეგაცია ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. თუმცა, ვაკო ავალიანი სიცრუეს უწოდებს ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ახალი თვითმფირნავის შეძენის შესახებ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. მაგრამ აქ საქმე ეხება 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა გეგმავდა ძვირადღირებული ვერტმფრენების შეძენას და ეს შესყიდვა ხორციელდებოდა კრედიტში. საქმე ეხება მრავალმილიონიან კონტრაქტს.

უახლოეს მომავალში, როდესაც მოიხსნება გრიფით საიდუმლო და მოხდება დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რაში იყენებდნენ მათ, საბიუჯეტო თანხებს, “ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელი ლიდერები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ იმიტომ ჩამოართვა პრეზიდენტს თვითმფრინავი, რომ პირად წყენასაა აყოლილი.

 „ძალიან ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავი შეჩერდა მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი-ერთი საათით, რადგან ეს იყო ვრცელი გადაფრენები, რისთვისაც ეკიპაჟმა საწვავი შეავსო. მაგალითად, პერუში პრეზიდენტი გაემგზავრა, რადგან იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში პრეზიდენტი იმყოფებოდა, როგორც თანამომხსენებელი.

ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ნიცაში პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, სადაც ბათუმი დააჯილდოვეს, როგორც ყველაზე მზარდი განვითარებადი კურორტი.

„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და სამარცხვინოა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ალასანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე იზრუნოს, ის პირად წყენებსაა აყოლილი და სხვადასხვა ნაბიჯებს ახორციელებს“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

ამასთან, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ აქვთ დადასტურებული ცნობები, რომ ირაკლი ალასანია 16-21 დეკემბერს ახალი თვითმფრინავის შესაძენად, კონკრეტულ პიროვნებას - ედუარდ გოგიაშვილს აგზავნის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: