ვინ დაჩაგრა ტერაშვილები და შიუკაშვილი?!

ვინ დაჩაგრა ტერაშვილები და შიუკაშვილი?!

ე. წ. ,,ზილების რევოლუციის“ საქმეზე დაკავებული ლევან და კახა ტერაშვილები და  დავით შიუკაშვილი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ეს ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ აწამებდნენ და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ. ისინი პოლიტპატიმართა სიაში აღდგენის მოთხოვნით  უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ.


დღეს ე.წ. ,,მატროსოვის ციხეში“ მოშიმშილე პატიმრები მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოინახულა. დღესვე ადვოკატმა ,,ქართული პარტიის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. ჭკადუას ინფორმაციით, ტერაშვილები და შიუკაშვილი ითხოვენ დასაბუთებულ ახსნას, რატომ ამოიღეს მათი გვარები პოლიტპატიმართა სიიდან 5 დეკემბრის წინა დღეს, ან რატომ მოხვდა ამ სიაში ერთი და იმავე ბრალდებით გასამართლებულთა მხოლოდ ნაწილი. თუ ეს მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, მაშინ რატომ არ სწორდება. მოშიმშილეებს ეჭვი აქვთ, ხომ არ ასრულებს კომიტეტი გარკვეულ დაკვეთას?


მონიტორინგის ჯგუფის წევრს ლევან ტერაშვილმა თავისი წამების ფაქტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ტერაშვილის თქმით, რობერტ გრიგალაშვილი აიძულებდა ყალბი ჩვენება მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების და  მეგობრების დაჭერით ემუქრებოდა. „შენ და შენს ძმას 16-16 წელს მოგისჯით ისე, რომ არც უდო და არც ამინისტია არ შეგეხებათო“. გრიგალაშვილი იმასაც აღნიშნავდა, რომ ,,ადეიშვილის სახელით გელაპარაკები და ეს მისი გადაწყვეტილება არისო“.


ტერაშვილი ,,მწამებელთა“ უკვე გახმაურებულ გვარებსაც ასახელებს: მუხაძე, ყაჭეიშვილი, ფაცაცია, ჯანჯღავა, ბუთლიაშვილი. 


ლევან ტერაშვილს კუდის თანამშრომლები აიძულებდნენ, რომ სოზარ სუბარისთვის დაედო ხელი და ეთქვა, რომ სუბარმა იცოდა ვითომდა დაგეგმილი გადატრიალების შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ იმ დროს სუბარი ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი იყო, ეს ვარიანტი გამორიცხეს და ახლა ითხოვდნენ, ტერაშვილს ეთქვა, რომ ამ ოპერაციას კიწმარიშვილი აფინანსებდა.


ლევან და კახა ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი შიმშილობას 21-დეკემბრამდე, წლის ბოლო სასესიო კვირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დასახმარებლად საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და  დიპლომატიურ მისიებს მიმართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: