პანამაში დატყვევებული მეზღვაურები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

პანამაში დატყვევებული მეზღვაურები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

პანამაში მყოფი 12 ქართველი მეზღვაური პანამის საზღვაო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს . "მარია დელ კარმენ 2"- ის ეკიპაჟის წევრის, გიორგი ჯანელიძის აგანცხადებით, მოლაპარაკებების ბოლო ვადა ორშაბათია და თუ ხვალ ხელფასები არ დაირიცხება, ისინი სასამართლოში იჩივლებენ.

 

როგორც ჯანელიძემ ,,ინტერპრესნიუსს“ აცნობა,  გემზე გაუსაძლისი პირობებია, რის გამოც ეკიპაჟის წევრები ფსიქოლოგიურად დაიღალნენ. მისივე თქმით, გემის მეპატრონესთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა უშედეგოდ.

 

"ტემპერატურა +40 გრადუსს აღემატება. გემის კორპუსი ტაფასავითაა გახურებული და შეუძლებელია შიგნით ყოფნა. ეკიპაჟი ტანს იბანს ზღვის წყლით, რადგან უშუქობის გამო ჩვეულებრივი წყალი არ მოგვეწოდება.  უკვე 9 დღეა, რაც დენი არ გვაქვს. საკვები  გუშინ საღამოს შევიძინეთ და  4 დღეს გვეყოფა", - აღნიშნა გიორგი ჯანელიძემ.

 

ამასთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მამუკა ახალაძის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და, შესაძლოა, საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

 

"მეზღვაურები ჯერჯერობით,  ფაქტობრივად, ტყვეობაში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე გემთმფლობელთან. რაც შეეხება სასამართლო დავას, ეს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ნაწილია და ხშირად გარდაუვალიც კი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა", - აღნიშნა მამაუკა ახალაძემ. 

 

ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველი მეზღვაურია. "მარია დელ კარმენ 2" უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მას ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: