ვინ აფარებს ხელს ადეიშვილს, შაშკინსა და ზოდელავას?!

ვინ აფარებს ხელს ადეიშვილს, შაშკინსა და ზოდელავას?!

 

უმთავრესი მოთხოვნა, რაც საზოგადოებას გამარჯვებული კოალიციის მიმართ ჰქონდა და მომავალშიც ექნება, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებაა. სამართლიანობა კი მაშინ დამკვიდრდება, როცა მთავარი დამნაშავეები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან.

 

მართალია, ახალმა მთავრობამ დაპატიმრებების სერია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, მაგრამ ბაჩო ახალაიას გამოკლებით, სხვა დანარჩენნი საშუალო რგოლის ჩინოვნიკები, ანუ ძირითადად შემსრულებლები არიან. ნათქვამია, წყალი სათავიდან იმღვრევაო და სწორედ ეს სათავე უნდა გაიწმინდოს „ნაცბანდის“ მამამთავრებისგან. 

 

საზოგადოებას აინტერესებს (და ამას ხმამაღლაც ამბობს), რატომ არ იძებნება დღემდე წითელი ცირკულარით იუსტიციის ყოფილი მინისტრი, „რუხ კარდინალად“ წოდებული ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველა სიბინძურის დირიჟორი და სულისჩამდგმელი იყო. მურთაზ ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც, მართალია ადეიშვილის „ხელის ბიჭად“, მაგრამ, მოსამართლეთა რისხვად იყო ცნობილი. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ზოდელავა დირექტივებს ძირითადად ადეიშვილისგან ღებულობდა და მოსამართლეებს უსიტყვო მორჩილებას აიძულებდა. სწორედ ამ ტექნოლოგიით იკერებოდა თურმე უამრავი საქმე, რომელიც კონკურენტების მოცილებას და სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. საზოგადოებისთვის ცნობილია შანტაჟისა და დამცირების „ნაციონალური“ მეთოდები, რომლებმაც მრავალი ოჯახი გაამწარა და დამცირების ობიექტები კი ფსიქიკურ დეგრადირებამდე მიიყვანა. 

 

რა გამოდის? ჩვენ ვებრძვით შედეგს და ვაპატიმრებთ ან დაპატიმრების კანდიდატად მოვიაზრებთ შემსრულებლებს, მაგრამ არაფერს ვამბობთ მიზეზზე - , რომელთა უშუალო დაკვეთით ხორციელდებოდა ეს საშინელებები.

 

აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ არაფერი ისმის ახალი ხელისუფლების მხრიდან მთავარი დამნაშავეების ექსტრადაციაზე, მითუმეტეს, მათი ადგილსამყოფელი ცნობილია, ან რატომ არ იძებნებიან ისინი წითელი ცირკულარით?!  კითხვა ლოგიკურია, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.

 

ცალკე საუბრის თემაა თავდაცვის ექს-მინისტრ დიმიტრი შაშკინთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც სახელმწიფო დონის დანაშაულით კვალიფიცირდება.

 

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისე მიატოვა უწყება და ისე გაიპარა საქართველოდან, არავინ გაუფრთხილებია. არადა, ეს ის სამინისტრო არ იყო, მინისტრის გაუაზრებელ ნაბიჯს საფრთხე არ შეექმნა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. მას ამის გამო, ბოდიშიც კი არ მოუხდია. პირიქით, ოკეანის გაღმიდან თავდაცვის რეჟიმში გადასული, ხანდახან თავდასხმაზეც გადმოდის და რაღაც „ბრალდებების“ გამო ბოდიშის მოხდასაც ითხოვს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ შაშკინი „ფეისბუქით“ გვესაუბრება და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დამნაშავე ის ამომრჩეველი იყოს, ვინც საფრთხე შეუქმნა მის გალაღებულ ცხოვრებას საქართველოში.

 

თავდაცვის უწყებაში მისი მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულობებს თავი რომ დავანებოთ, შაშკინმა პასუხი უნდა აგოს განათლების სისტემაში ჩადენილ დანაშაულზე. ფაქტია, რომ „რეფორმატორ“ კახა ლომაიასთან ერთად მან ყველაფერი გააკეთა განათლების სისტემის საბოლოოდ განადგურებისთვის. სამწუხაროდ, შაშკინის უნიკალური ხელწერა - მანდატურების ინსტიტუტი, რომელიც სკოლებში სადამსჯელო მანქანის ფუნქციას ასრულებდა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც „მოდერნიზებას“ დაექვემდებარა და როგორც მისი თავგამოდბული მომხრეები აცხადებენ, მხოლოდ მოსწავლეთა გაკონტროლების ეფექტური საშუალება იქნება.

 

 

ისმინოს უფალმა. სკოლებში წესრიგის დამყარება დიახაც რომ საჭიროა, მაგრამ ჯერ საერთოდ განათლების სისტემის ტრანსფორმაციაზე უნდა ვიფიქროთ და სკოლა სკოლას დავამსგავსოთ და უმაღლესი სასწავლებელი - უმაღლეს სასწავლებელს! 

 

ახლა კი ისევ გაქცეულებს დავუბრუნდეთ: რატომ გრძნობენ ისინი უცხო ქვეყანაში თავს ასე კომფორტულად, მითუმეტეს, როცა პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად არ მოუთხოვიათ?! რატომ არ აყენებს საკითხს ახალი ხელისუფლება „მთავარი დირიჟორების“ საქართველოში ჩამოყვანაზე და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რატომ არ იძებნებიან ისინი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით?!

 

 ერთი სიტყვით, კითხვები ბევრია. ვიდრე ამაზე პასუხს სათანადო ორგანოები გასცემენ, შეიძლება ვივარუდოთ, რომ მათი საქართველოში ჩამოყვანა და საბრალდებო სკამზე დასმა იმათ ინტერესებში არ შედის, ვისაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის შუქურად მიაჩნდა და წინა ხელისუფლების ამაზრზენ ქმედებებს მწვანე შუქს უნთებდა.

სწორედ ამით იყო განპირობებული საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი დასავლელი მეგობრების გაფრთხილება, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამით საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება!

 

 ეტყობა, თავს ზემოთ ძალა არ არის ან ფარულ გარიგებასთან გვაქვს საქმე - სხვანაირად, დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ყოფილი მაღალჩინოსნების იძულებით ჩამოყვანა საქართველოში და მათი მხრიდან ყველა საჩოთირო კითხვაზე პასუხის გაცემა, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

აწი მკითხველმა თავად განსაჯოს, ვინ აფარებს ხელს ადეიშვილს, შაშკინსა და ზოდელავას?! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: