ვიხილავთ თუ არა სოზარ სუბარს ცოცხებით?!

ვიხილავთ თუ არა სოზარ სუბარს ცოცხებით?!

განსხვავებული აზრისა და თავისუფალი ჟურნალისტის დევნის ფაქტი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ამის კონტურები მკაფიოდ  იკვეთება ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის საქმეში. 

 

საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ გაზეთ "ალია ჰოლდინგის"   ჟურნალისტის, დარეჯან მეფარიშვილის სარჩელს, რომელიც მან 2007 წელს შეიტანა. ორწლიანი დავის შედეგად, 2009 წელს, სასამართლოში საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების ჩარევით, სასამართლოს გადაწყვეტილება გაყალბდა და მეფარიშვილს კომპენსაცია არ გადაუხადეს.

 

საქმე არსებითად არც ახალი ხელისუფლების შემდეგ შეცვლილა - ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტიც, კერძოდ, სოზარ სუბარი და მისი უწყება, იმასვე იმეორებენ, რასაც თავის დროზე ბაჩო ახალია და მისი კოლეგები აკეთებდნენ - არ ითვალისწინებენ არც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დადებულ დასკვნას, არც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს აღიარებას იმის შესახებ, რომ დარეჯან მეფარიშვილი ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია.

 

ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ხელისუფლებისგან, კერძოდ, სოზარ სუბარისგან თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონე პირის დევნის პრეცედენტი. სწორედ ამგვარად იწყებდა წინა ხელისუფლება თავის მოღვაწეობას, რასაც საზოგადოება მაშინ იმედის თვალით უყურებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოს ხელში შეგვრჩა ცოცხებით შეიარაღებული სასჯელაღსრულების სისტემა.          

                      

ასე რომ, მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისუფალი აზრის დაცვა ხელეწიფება, ამოვიღოთ ხმა, სანამ თუნდაც ერთი ადამიანის პოლიტიკური დევნის ფაქტი გვაქვს, თორემ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ახალი ხელისუფლებაც თავის წინამორბედთა კვალს გაჰყვეს. 

 

ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: