ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურამ კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე უარი თქვა.

განცხადების თანახმად, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, BMW-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა, რომელსაც კახაბერ აზარიაშვილი მართავდა.

„მასთან ერთად მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე იყვნენ. აღნიშნული პირები ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბუტა რობაქიძე მოკლა. ამ დანაშაულისთვის გიორგი ბაშალეიშვილი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებულია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ბუტა რობაქიძის მეგობრებს ჩხრეკა ჩაუტარდათ, რომელთაგან გამოძიებამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, ახალგაზრდები სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიეცნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე  ზემოხსენებულ ახალგაზრდებს წაუყენეს, ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, პოლიციის მუშაკების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესახებ ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც განსახილველ საქმეზე არსებით გავლენას ახდენენ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები მივიდნენ.

განცხადების თანახმად, მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით,  დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა.

„ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე დაალაგეს. ბუტა რობაქიძის გვამთან „კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი დადეს - ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით; ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში მათთვის სასურველი მონაცემები შეიტანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს,  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა, ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: