ბრძოლა... პრეზიდენტობისთვის!

ბრძოლა... პრეზიდენტობისთვის!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი  იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი, ოლიმპიური, მსოფლიო და  ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლერი ხაბელოვი და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - ბეჟან ხურციძე.

საპრეზიდენტო განაცხადის შესატანად დაწესებული ვადა 10 დეკემბერს ამოიწურა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 20 დეკემბერს გაიმართება.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას დეპუტატი ლერი ხაბელოვი დაიკავებს.


„ივერიონი“ დაინტერესდა, კანონმდებლობა აძლევს თუ არა უფლებას დეპუტატს პარალელურად ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც იყოს. ვინაიდან კომიტეტი საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაციაა, დეპუტატს სრული უფლება აქვს, გახდეს ამ კომიტეტის პრეზიდენტიც.


ამდენად, კანონთან შეუსაბამო არაფერი იქნება, თუ ლერი ხაბელოვი პრეზიდენტი გახდება, თუმცა უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ხაბელოვი ამ თანამდებობაზე, ფაქტობრივად, უკონკურენტოა, არა იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ტიტულოვანი და სახელოვანი სპორტსმენია, არა იმიტომ, რომ სპორტულ სამყაროში და საერთაშორისო ასპარეზზე დაფასებული და კარგად ნაცნობი ფიგურაა, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ, „ქართული ოცნების“ წევრია და ამ პოსტზე მისი წარდგენა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივაა და მისი გამარჯვებაც მმართველი გუნდის ინტერესში შედის.


სპორტისა და ახლალგაზრდობის კომიტეტის წევრი გოგი თოფაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე სწორედ რომ ლერი ხაბელოვის კანდიდატურაა შესაფერისი. „კანონი მას ამის უფლებას აძლევს და რატომ უნდა შევუზღუდოთ ეს უფლება? თანაც, ლერი ხაბელოვი ის ფიგურაა სპორტის სამყაროში, ვისაც პატივს სცემენ და ენდობიან. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი, პატიოსნება და საქმისდმი დამოკიდებულება, რაც საქმისადმი მიდგომასა და ერთგულებაში გამოიხატება“, - ამბობს გოგი თოფაძე.

ცნობილია, რომ ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 3 ოქტომბერს ჩატარდა. წესდების თანახმად, არჩევნები 1-დან 10 დეკემბრამდე უნდა ჩატარებულიყო, ამიტომ ოლიმპიური კომიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. ვინაიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი - გია ნაცვლიშვილი იყო წარმოდგენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, გამოვიდა, რომ დელეგატებს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატისთვის - გია ნაცვლიშვილისთვის უფლებამოსილების ვადა კიდევ 4 წლით უნდა გაეგრძელებინათ. თუმცა მათ ეს არ ისურვეს და არჩევნების თარიღის გადატანა მოითხოვეს. უმრავლესობის სურვილით, არჩევნები 20 დეკემბრისთვის გადაიდო.


20 დეკემბრისთვის კი რეალობა შეიცვალა და ახლა ერთი თანამნდებობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ფაქტია, რომ დელეგატებმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ გია ნაცვლიშვილის დატოვება არ ისურვეს, თუმცა თავად ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამით ჯერ კიდევ არაფერია ნათქვამი და ბრძოლას აზრი აქვს. „ბრძოლას აზრი რომ არ ჰქონდეს, არც მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ლერი ხაბელოვი „ქართული ოცნების“ კანდიდატია, შანსები მაინც თანაბარია. ვფიქრობ, დელეგატებზე პოლიტიკური ფაქტორი არ იმოქმედებს, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობების კომიტეტის თავმჯდომარეებად „ქართული ოცბნების“ მხარდამჭერები და წევრები აირჩიეს. იმედია, ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკური გავლენა არ იქნება და დელეგატები არჩევანს დამოუკიდებლად მიღებენ. სხვა მხრივ პრობლემა არა მაქვს, წინა არჩევნებზეც კონკურენტულ გარემოში მომიწია ბრძოლა და არა მგონია, დელეგატებმა ახლა შეცვალონ პოზიცია. თუმცა, 3 ოქტომბრის არჩევნები იმიტომ გადაიდო, რომ ერთი კანდიდატი ვიყავი და დელეგატებმა ჩათვალეს, რომ ასეთი პირობებში არჩევნების ჩატარება არადემოკრატიული იქნებოდა. საინტერესოა, ახლა დანარჩენმა ორმა რომ მოხსნას კანდიდატურა, ისევ გადადების გადაწყვეტილებას მიიღებენ? ასეა თუ ისე, ფაქტია, არჩევნები იქნება და იმედი მაქვს, რომ პროცესები დემოკრატიულად წარიმართება“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში გია ნაცვლიშვილი.


რაც შეეხება ლერი ხაბელოვს. დეპუტატი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი „ივერიონთან“ საუბარში აცხადებს, რომ მზად არის დამატებით ეს თანამდებობაც ჩაიბაროს. „უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც დეპუტატები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები არიან. ასე რომ, ეს ჩემს სადეპუტატო საქმინობას ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება პოლიტიკურ ფაქტორს, ეს იქნება არჩევნები და არა დანიშვნა, როგორც ეს წინა ხელისუფლების შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ირჩევს სპორტული ფედერაციების, ახალგაზრდული კომიტეტების, რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი და ა.შ. ასე რომ, იმის თქმა, გარანტირებულად სხვა კანდიდატზე მეტ ხმას მივიღებ, არ შემიძლია. რაც შეეხება იმას, რომ სხვადასხვა ფედერაციების ხელმძღვანელებად „ქართული ოცნების“ წევრები თუ აქტივისტები აირჩიეს, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველა, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, პროფესიონალი სპორტსმენები და საქმის მცოდნენი არიან. ამის მიუხედავადაც, ვინც იმარჯვებს, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩვენებში იმარჯვებს და ამდენად, პოლიტიკური მოტივი აქ გამორიცხულია“, - ამბობს ლერი ხაბელოვი.  


მისივე თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა სადეპუტატო მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლის და არც საკუთარ რაიონს მოაკლებს ყურადღებას.
შეგახსენებთ, ლერი ხაბელოვი ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გახდება ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. წინ ოლიმპიადაა და აქ სათანადოდ წარდგომა ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რომლებიც აქ, ქვეყანაში არსებობს. ლერი ხაბელოვს კი ისეთი რთული რაიონის მაჟორიტარობა ერგო, როგორც ქარელია. მაჟორიტარად მისი არჩევით ამ რაიონმა მასზე დიდი იმედები დაამყარა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაც, თითქმის გარანტირებული აქვს. ვნახოთ, როგორ გაუმართლებს ხაბელოვი იმედებს ერთდროულად ქარელელებსა და ოლიმპიელებს! 


თეა ბარამაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: