მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალების“ ოფისში ჩაკეტეს!

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალების“ ოფისში ჩაკეტეს!

ქუთაისში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს აქციის მონაწილეები შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ.


მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრეები ამ წუთებში ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ არიან შეკრებილები, რის გამოც შენობაში შესული პრეზიდენტი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს.


სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები თავდაპირველად ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებთან შეხვედრას მართავდა.


აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი შეკრება  წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა  და აქცია სპონტანურად მას შემდეგ გაიმართა, რაც ქუთაისში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ შეიტყვეს.


„ადამიანები შეურაცხყვეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა მარტო ციხეებში, არამედ ჩვენც, ვინც გარეთ ვიყავით. რა უფლებით არიან დღეს სათავეში. ქართველებს არ გვინდა  „ნაციონალები“, – ამბობს „ნიუს პრესთან“ საუბარში აქციის მონაწილე,  ქუთაისელი ბონდო ქირია.


ქუთაისის მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მერიის შენობის  გვერდითა გასასვლელით ისარგებლა და წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადაინაცვლა. თუმცა აქციის მონაწილები მას იქაც დახვდენ.


პრეზინდეტი  ამ დრომდე პარტიის ოფისში იმყოფება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: