ქართველი მეფეების ნეშტებს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება

ქართველი მეფეების  ნეშტებს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება

პროფესორ გივი ღამბაშიძის განცხადებით,  ასტრახანში დაკრძალული ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება.


ამ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


ღამბაშიძე რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, ასტრახანიდან ქართველი მეფეების გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქ კირილის დავალებით შექმნილი კომისიის პირველ სხდომაში მონაწილეობდა.  ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, აგრეთვე, მიტროპოლიტი დიმიტრი და გერასიმე.


ღამბაშიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს 30 წლის განმავლობაში შეგროვილი მასალები გააცნო, საუბარი ქართული მხარის სასარგებლოდ წარიმართა.


ღამბაშიძის თქმით, მან  დე-ენ-ემ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა, რადგან ქართველი მეფეების საფლავების ხელყოფა რამდენჯერმე მოხდა. ეს წინადადება რუსულმა მხარემ კარგად მიიღო და დახმარებაც აღუთქვა.


გარდა ამისა, გივი ღამბაშიძის თქმით, რუსეთის საპატრიარქო პირველი შეხვედრის თაობაზე საქართველოს ოქმს გამოუგზავნის, რომელიც  განხილვის შემდეგ მემორანდუმის სახეს მიიღებს.


ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ცხედრების ნაწილების საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული კომისიის პირველი სხდომა 13 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: