ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის მხრიდან უზურპაციის მცდელობის ნიშნები უკვე გამოჩნდა

ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის მხრიდან უზურპაციის მცდელობის ნიშნები უკვე გამოჩნდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს მედიის უზურპირების მცდელობად აფასებს.

როგორც მან „ივერიონთან“ საუბრისას აღნიშნა, საქმის დეტალები გაირკვევა, რადგან გამოძიება დაწყებულია.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კომპანია „ინტერ რაო ეესს“ ოფიციალურად ჰყავდა დაქირავებული საკონსულტაციო ჯგუფი, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

წიკლაურის განცხადებით, ამ განცხადების უკან კონკრეტული შეთანხმება და ხელშეკრულებაა, ამიტომ ეს უბრალოდ ვერ დაიმალება.

„არსებობს ასეთი შეთანხმება და ოფიციალურად არის გაფორმებული, რომ მოქალაქეებმა ხელშეკრულება დადეს  და  გარკვეულ მომსახურებას იღებდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აღნიშნული საქმე მძიმე იქნება, ხოლო თვითონ ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია, ასევე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - აღნიშნა წიკლაურმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, მხოლოდ ის ტელეკომპანიები, სააგენტოები და პრესის საშუალებები არსებობდნენ, რომლებიც უშუალოდ მის ინტერესს გამოხატავენ.

წიკლაურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ „პირველ არხზე“  მიიტანა იერიში, ახლა „რუსთავი 2“-ის ჯერი დადგა.

„პრაქტიკულად, სახეზეა როგორც სახელისუფლებო, ასევე მედიის სრული უზურპირების მცდელობა. ეს დაუშვებელია, რადგან უკან გადადგული ნაბიჯია და დიქტატურის დამყარების ძალიან სერიოზულ ნიშნებს ატარებს. ვფიქრობ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ამაზე თვალი უნდა ავუხილოთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება არ სურს. მას სურს, პირადი კონტროლი დაამყაროს ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს.

ამასთან, წიკლაური მიიჩნევს, რომ ივანიშვილს პირადი კონტროლის დამყარება არ გამოუვა, რადგან ამას საპარლამენტო უმცირესობა ყველანაირი ძალით შეეწინააღმდეგება.

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ საღამოს დააკავეს.

დაკავებულებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: