გუბაზ სანიკიძე: ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

გუბაზ სანიკიძე: ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სანიკიძემ განაცხადა, მზად არის თავადაც ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამასთან, დეპუტატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მომხდარში მისი შტაბის წევრებიც მონაწილეობდნენ.

სანიკიძის თქმით, ქუთაისის შტაბი არჩევნების შემდეგ აღარ არსებობს. ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერებიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ ორი ადამიანი – ფიქრია სანიკიძე და კახი დვალიშვილი, რომელიც დაეხმარა დეპუტატ გიორგი თევდორაძეს, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში და  შემთხვევის ადგილს გასცლოდა.

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ასეთი ტიპის აქციების გამართვისა. მინდა მივმართო ჩემს თანამოქალაქეებს და ვთხოვო, რომ რაც უნდა გაბრაზებულები იყვნენ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რადგან ეს პროვოკაციის ნოყიერი ნიადაგია და მას "ნაციონალური მოძრაობა" მშვენივრად გამოიყენებს", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

დეპუტატის მოთხოვნაა, რომ გამოძიება  სრულფასოვნად ჩატარდეს და დამნაშავე, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს, დაისაჯოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: