შალვა ნათელაშვილი: ნუ დატოვებთ ქართველ ხალხს პირში ოცნებაგამოვლებულს

შალვა ნათელაშვილი: ნუ დატოვებთ ქართველ ხალხს პირში ოცნებაგამოვლებულს

როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ახალი მთავრობის ქმედებებს დუმილის 100-დღიანი მორატორიუმის დასრულების შემდეგ შეაფასებს.

“აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, “ლეიბორისტული პარტია” შეაფასებს და კომენტარს გააკეთებს ყველა მოვლენაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს მოხდება, დაახლოებით, იანვრის შუა რიცხვებიდან. ჩვენ ვართ და ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებას დენის ტარიფის გაიაფებას საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სთხოვს.

„ 2002 წლის 30 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას დენის ტარიფის გაიაფებას თბილისში 11 თეთრამდე, რეგიონებში კი 7 თეთრამდე ავალდებულებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონზე დიდი ძალა აქვს, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ მისით უნდა იხელმძღვანელოს.

ქართველი ხალხის მთავარი ოცნება, როდესაც ამ ხელისუფლებას ირჩევდა, სწორედ უსამართლო ტარიფების დანგრევა იყო. ჯერჯერობით ეს განუხორციელებელია. მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, აიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, წაიკითხოს და გააიაფოს ტარიფი. ნუ დატოვებთ ქართველ ხალხს პირში ოცნებაგამოვლებულს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: