კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ბიუჯეტი გაეზარდა

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ბიუჯეტი გაეზარდა

2013 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)  ბიუჯეტი  გაიზარდა და ჯამში 8 მილიონ 280 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 6 მილიონ 960 ათასი ლარი წლიური შემოსავალია 1 მილიონ 320 ათასი კი ფინანსური რეზერვის ფონდი.


კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა 2012  წელთან შედარებით  475,000.00 ლარით გაიზარდა 3 მილიონ 780 ათასი ლარი შეადგინა.


2012 წელთან შედარებით 80-დან 130 ათას ლარამდეა გაზრდილი სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები.  კომისიის განმარტებით, ზრდა  „გამოწვეულია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ გასაწევი, კომისიისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კვლევების დასაფინანსებლად“.


თანამშრომელთა მივლინებებისთვის გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, პრემიების ფონდი კი 235 ათას 50 ლარს შეადგენს.


ხელფასებისთვის დასახარჯი თანხის ზრდა კომისიის ცნობით, „მოწვეული სპეციალისტების და კომისიის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია“.  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახურის შრომის ანაზღაურების  და სახ.ბიუჯეტის  ხარჯები კი 99 ათას 900 ლარით განისაზღვრა.


კომისიაში ამჟამად 112 ადამიანია დასაქმებული.


„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი.


რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. მისი ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული მომსახურების, მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: