ირმა ნადირაშვილი: ივანიშვილმა დემოკრატიაზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო

ირმა ნადირაშვილი: ივანიშვილმა დემოკრატიაზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი დაკავებული მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებულ ბრალდებას უწიგნურობას არქმევს.

როგორც მან დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, მაღალჩინოსნები აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

„ამ ბრალდებას, რაც გაისმა და რა ჩანაწერებიც აჩვენეს, უწიგნურობას დავარქმევდი - როდესაც ადამიანები კერძო ფირმების და კონსულტირებაში მიღებულ გასამრჯელოს, იმ ქრთამებისა და „ატკატებისაგან“ ვერ ანსხვავებენ, რომლის ქვეშაც ახალი მმართველი გუნდის დიდი ნაწილი 90-იან წლებში ცხოვრობდა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ახალ ხელისუფლებას დღესაც იგივე ჰგონია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი კომპანიის გენერალურ დირექტორზეა საუბარი.

აქციაზე მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, გუშინდელი დაკავებები არა მარტო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაა, არამედ იმის საჩვენებელია, რომ პრემიერ-მინისტრი დემოკრატიაზე გადამწყვეტ შეტევას იწყებს.

მისი თქმით, ეს დემოკრატიაზე პირდაპირ ჯვაროსნული ლაშქრობაა.

ნადირაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქცია იმის საჩვენებლადაა, რომ საქართველოში დემოკრატიასაც ჰყავს დამცველები და ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მარტო თვითონ უნდა.

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ საღამოს დააკავეს.

დაკავებულებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.

მათ მხარდასაჭერად დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: