გიგი უგულავა: ქართული ეკონომიკა პოლიტიკის მძევლად იქცა!

გიგი უგულავა: ქართული ეკონომიკა პოლიტიკის მძევლად იქცა!

თბილისის მერი გიგი უგულავა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც უგულავამ განაცხადა, ახალი მთავრობა მთლიანად პოლიტიკურ პროცესებზეა გადართული და ეკონომიკური საკითხები უყურადღებოდ რჩება.

მისი თქმით, კორუფციის საკითხზე დაკავებულთა მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.

„აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე, თუმცა, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა, რადგან ახალი ხელისუფლებისგან ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ჩანს, რომ, ავად თუ კარგად, მარტო საგამოძიებო მიმართულება მუშაობს, რაც საზოგადოდ ქვეყნისთვის  ცუდია“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ყველას დაავიწყდა ეკონომიკა და ამ სფეროში არსებული ბევრი პრობლემა.

უგულავას განცხადებით, ძიება მიდის საქმეზე, სადაც არ არსებობს დაზარალებული. არ არსებობს ქრთამის აღების ფაქტი, რადგან ფული ადგილზეა, ყველა ბუღალტრული წესების დაცვით შენახული.

„ვბრუნდებით ძველ საგამოძიებო სისტემაში და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ეკონომიკურად ყველაზე აქტიური თვე ჩავარდა.  ეკონომიკა მძევალია ამ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე“, - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

სასამართლომ დაკავებულ ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურსა და კახა დამენიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარის, ხოლო იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს 15-15 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდა. დაკავებულები აღნიშნული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: