სასამართლოში მიაჩნიათ, რომ გირაო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს სრულად უზრუნველყოფს

სასამართლოში მიაჩნიათ, რომ გირაო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს სრულად უზრუნველყოფს

საქალაქო სასამართლოში მიაჩნიათ, რომ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული გირაო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს სრულად უზრუნველყოფს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ბრალდებულების - ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძისა და დევი კანდელაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო იზაბელა გუტიძის მიმართ გირაოს - 50 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

განცხადების თანახმად, სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეუფარდა.

„ალექსანდრე ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და დევი კანდელაკს 30 000  ლარის, ხოლო  გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს - თითოეულს 15 000  ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებულები პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, შუამდგომლობის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებულთა მიმართ  აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოყენებულიყო.

გარდა ამისა, ალტერნატივის სახით მოითხოვეს, სასამართლოს ემსჯელა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების - გირაოს შეფარდებაზე, ხოლო  იზაბელა გუტიძის მიმართ გირაოს თანხის შემცირებაზე, რასაც   ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„შუმადგომლობის განხილვისას ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების ძირითად საფუძვლად  ბრალის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მიუთითა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას სასამართლო პირის ბრალეულობის საკითხს არ იხილავს“, - აცხადებენ საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები.

მათივე თქმით, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა  ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ბრალდებულები  წარსულში არ არიან ნასამართლევი, მათ  საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ და  საგამოძიებო ორგანოებში გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროება საკმარისად არ იყო არგუმენტირებული.

შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის  და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს და გირაო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს სრულად უზრუნველყოფს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: