ილია მეორის აღსაყდრების 35-ე წლისთავს კონცერტით აღნიშნავენ

ილია მეორის აღსაყდრების 35-ე წლისთავს კონცერტით აღნიშნავენ

25 დეკემბერს  ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

 

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდება. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი და ანსამბლი "რუსთავი",  ასევე სოლისტები - თეონა დვალი , ქეთევან ქემოკლიძე , ირაკლი კახიძე, რამაზ ჩიკვილაძე და ალექსანდრე ვასაძე. ორკესტრს უდირიჟორებს  ვახტანგ კახიძე.

 

ღონისძიებაზე შესრულდება ნაწყვეტები ზაქარია ფალიაშვილის, ბახის, მოცარტის, პუჩინის, ბეთჰოვენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან , ასევე უწმინდესის საგალობელი Ave Maria. საიუბილეო საღამოს ანსამბლ რუსთავის "მრავალჟამიერი" დაასრულებს. 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ამ დღეს პატრიარქს სახელი - ილია მეორე მიანიჭეს. ილია პირველი საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინათ, 390-400 წლებში მართავდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: