Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-12-2012, 16:48
ნანახია: 1830

ბაკურ გულუა: გორს სტალინის ძეგლი არ უნდა წაუქციო!

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სტალინის ძეგლის აღდგენისთვის საჭირო თანხების გამოიყოფა. საკითხი გორის მუნიციპალიტეტის დღის წესრიგში გორელი პოლიტოლოგის შალვა ტლაშაძის ინიციატივით დადგა. მან  სტალინის ძეგლის აღდგენისა და მუზეუმის ტერიტორიაზე დაბრუნების მოთხოვნით 3000 ხელმოწერა შეაგროვა და პეტიციის წესით საკრებულოს მიმართა.


აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება „ივერიონმა“ საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, "კონსტიტუციის დაცვის ლიგის" პრეზიდენტს ბაკურ გულუას სთხოვა.


ბაკურ გულუა მიიჩნევს, რომ გორელებისთვის სტალინი სიამაყეა და არა დიქტატორი. მისი აზრით, ხელისუფლებამ შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვა, როდესაც ძეგლს შეეხო.


„გორელებს ვერ გაამტყუნებ და დიდ პოლიტიკას  ამ გადაწყვეტილებას ვერ დაუკავშირებ. სტალინი გორელებისთვის არის სიამაყე. მე კარგად მახსოვს, თუ როგორ აღნიშნებოდა  გორში სტალინის დაბადების დღეები  ყოველწლიურად. ქუჩაში გაგაჩერებდნენ და სახლში გეპატიჟებოდნენ. გორელებისთვის სტალინი დიქტატორი არ ყოფილა. გორს ძეგლი არ უნდა წაუქციო. ეს შეცდომა იყო, როდესაც ძეგლს შევეხეთ საერთოდ. სტალინი თავისი ეპოქის შვილია. რამდენი დიქტატორის ძეგლი დგას მსოფლიოში, მაგრამ ცივილიზებულ კაცობრიობას აზრად არ მოუვა მათ შეეხოს. ჩვენ თუ ის შიში გვაქვს, რომ სოციალიზმი აღდგება, ეს იმდენად რთული გასაკეთებელია, სოციალური პარტიაც რომ მოვიდეს სათავეში, მაინც არ მოხერხდება“, - განაცხადა გულუამ.


გულუას თქმით, სტალინის ძეგლის გორში დაბრუნება არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და არც უარყოფით ემოციებს იწვევს. 


„მე საერთოდ ყოველგვარი პიროვნული ძეგლების წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ვინმეს თავში მოუვა, რომ გალაკტიონის ძეგლი თბილისში არ იდგეს? მარტო სულელს. მსოფლიოს შვიდივე საოცრება მონათმფლობელური წყობილების დროსაა აგებული. რამდენი  ტანჯვა-ვაება მოუტანა კაცობრიობას მონათმფლობელურმა წყობილებამ?!  როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ხელის ხლება, ასე უბრალოდ აიღო, დადო სატვირთო მანქანაზე და დიღომში წაიღო?!“, - აცხადებს გულუა.


გულუა  მიიჩნევს, რომ სტალინის ძეგლის ჯერ აღება და ახლა ისევ უკან დაბრუნება კარგად გააზრებული კამპანიაა, რომლის მიზანი ხალხის   საჭირბოროტო საკითხებიდან  სრულიად არააქტუალურ საკითხზე ყურადღების გადატანაა.


„თუ გორელებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მათი ნებაა. მე წინააღმდეგი ვარ ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვის. საზოგადოება ამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეს“, - აცხადებს გულუა. 


ესაუბრა ნინო ახალკაცი