გაკოტრებული პრეზიდენტი, რეალობას მოწყვეტილი "ნაცმოძრაობა" და მოახლოებული მკაცრი განაჩენი!

გაკოტრებული პრეზიდენტი, რეალობას მოწყვეტილი "ნაცმოძრაობა" და მოახლოებული მკაცრი განაჩენი!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", რაც დრო გადის, მით უფრო კარგავენ რეალობის შეგრძნებას. პრეზიდენტის ბოლო შეხვედრა საკუთარი პარტიის ბომონდთან, რომელიც "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა, ამის თვალნათელი დადასტურება იყო. მიხეილ სააკაშვილი ჩვეული რიხით და შემართებით აიმედებდა საკუთარ მცირერიცხოვან მხარდამჭერებს, რომ მალე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით მოვა პარლამენტში და ისიც დასძინა, ეს "ხალხის მოთხოვნააო".


ეტყობა, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, აღარ ახსოვთ, რომ ჯერ 3 თვეც არ არის გასული იმ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის შედეგადაც ქართველმა ხალხმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაცილა. ყოფილი ხელისუფალნი მოქმედის შეცდომებით აპელირებენ _ სააკაშვილმა ისიც კი თქვა, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2 თვეში შეცდომები დაუშვა, ჩვენ 9 წლის მანძილზე იმდენი არ შეგვშლიაო. "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომების ჩამოთვლას მთელი დღე მოუნდება კაცი, აი მათი დანაშაულობების ნაწილის გახსენება კი შესაძლებელია. ეს ის დანაშაულობებია, რის გამოც დღეს ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან და "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა აპრილამდე ხელი რომც არ გაანძრიონ, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს!


აპრილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" სანიშანსვეტო თვედ იქცა _ მისი მომხრეები იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს დაითხოვს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და საპარლამენტო უმრავლესობასაც მოიპოვებენ. რატომღაც, "ნაციონალებსა" და მათ მხარდამჭერებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას საერთო-სახალხო სკლეროზი დაემართა და აღარ ახსოვს ის დანაშაულობები, რომლებსაც წლების მანძილზე, შეგნებულად სჩადიოდნენ სააკაშვილის ჩინოსნები და პარტიული ბოსები.
არადა, ასე ნამდვილად არ არის. ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს.


 თვე კი არა, ათწლეულებია საჭირო, რომ ხალხის მეხსიერებაში გაფერმკრთალდეს მხეცურად ნაწამები სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მისი მკვლელები, 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს ჩაცხრილული 21 წლის ბუტა რობაქიძე, კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილი, პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძე.… "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის პერიოდში, სააკაშვილის "ზონდერებმა" ქუჩაში 90 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს და ახლა, 6 თვეში უნდათ, რომ ხალხმა ეს ტრაგედიები დაივიწყოს?!


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაკვეთით შეანგრიეს გლდანში ეკლესიის კარი და სპეცრაზმელები მოძღვარს ამბიონში შეუცვივდნენ, მერე იქიდან ბარბაროსულად  გამოათრიეს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და ციხეში ჩასვეს. არც ხელვაჩაურში, ფერიის მთაზე დანგრეული ეკლესიის დავიწყება ეგების, რომლის ადგილსაც, ლევან ვარშალომიძე იფიცებოდა, გასართობ ცენტრს ავაშენებო და დღემდე აგური აგურზე არავის დაუდია. ქართველი ხალხი ამ სისასტიკისა და რელიგიური გრძნობების აბუჩად აგდებას, სულში ჩაფურთხებას, 6 თვეში ვერ დაუვიწყებს სააკაშვილსა და მისი კარის ბიჭებს.


რამდენჯერმე ხახამშრალი დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართველი ხალხი _ მისი ნების საწინააღმდეგოდ, არა ერთი არჩევნები გააყალბა. ჯერ სააკაშვილი მოიყვანა ხელმეორედ პრეზიდენტად, მერე _ გივი უგულავა თბილისის მერად და ბოლოს, 2008 წელს, თავად "ნაცმოძრაობა" ხელახლა, გაყალბებული არჩევნებით გაუბატონდა ხალხს. ამ არჩევნებს რა ძალადობა და ცოდვის ტრიალი ახლდა თან, ისიც კარგად ახსოვს ხალხს და ვერც ამის დავიწყებას შეძლებენ "რაღაც 6 თვეში".


ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები და ამ ფულით გაქსუებული ჩინოვნიკები, რომლებიც რიგით, უბრალო ადამიანებს ძაღლადაც კი არ ადგებდნენ და მარტო არჩევნების წინ ახსენდებოდათ ისინი _ ესეც "ნაცმოძრაობის" მმართველობის სტილია. პოლიტიკური ნიშნით ათეულ ათასობით პატიოსანი ადამიანი დაითხოვეს სამსახურებიდან, ქართული სამეცნიერო და სასწავლო კერები ჩააქრეს და ქართული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი საშიმშილოდ გაიმეტეს _ უბოდიშოდ გაყარეს სამსახურებიდან, აქაოდა, თქვენს  ნაცვლად ახალი, ლიბერალურ იდეებზე დამყნობილი ინტელიგენცია უნდა აღვზარდოთო. ეს აღზრდისა და საგანმანათლებლო სისტემაც განუწყვეტელი ექსპერიმენტების სარბიელად აქციეს და დღეს, ქართველ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე გაუნათლებელი ძნელად მოიძებნება  ევროპისა და პოსტსაბჭოურ სივრცეში _ ამას არა ერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს კი ისეთი უბედურებაა, 6 თვეში  არათუ ვერ დაივიწყებს კაცი, პირიქით, რაც დრო გავა, მით უფრო მწვავედ შეგვახსენებს თავს, როგორც ჭირი და ძნელად მოსარჩენი სენი.


ათზე მეტი დამოუკიდებელი ტელეკომპანია დახურა ან საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა "ნაცმოძრაობამ:, ყველაფერი კი იმით "დააგვირგვინა", "იმედში" სპეცრაზმელები გაგზავნა, ჟურნალისტები "დუბინკებით" აცემინა, ბოლოს კი ტელეკომპანიის ძვირადღირებული ტექნიკა ველურებივით დაამსხვრიეს. აქვე ე.წ. ჯაშუში ფოტოგრაფების ისტორიაც გავიხსენოთ _ 3 უდანაშაულო ადამიანს სამშობლოს ღალატი დასწამეს და ციხეში გამოკეტეს. თავისუფალი მედიისა და ცალკეული ჟურნალისტების რბევას დემოკრატიის ლოზუნგებით ახორციელებდნენ "ნაციონალები". ესენიც ისეთი ისტორიებია, რომ 6 თვე ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ  შეურაცხყოფილ ხალხს ამ საშინელებათა ჩამდენებისკენ გული მოუბრუნდეს.


1 ოქტომბრისთვის, როცა "ნაციონალთა" მმართველობა თითქმის დასრულდა ქვეყანაში (ერთადერთი მუხრუჭი მიხეილ სააკაშვილია, რომლის ხუშტურებს, კიდევ რამდენიმე ხანი უნდა გავუძლოთ!), ციხეებში 24 ათასზე მეტი პატიმარი იყო გამოკეტილი, მათი ნაწილი, სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. რაც იმ ციხეებში ხდებოდა, იმ საშინელებებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი _ ციხეებში მამაკაცების გაუპატიურების ამაზრზენმა კადრებმა არათუ მთელი ქვეყანა შეძრა, სწორედ "ნაცმოძრაობის"  დასასრულის დასაწყისად იქცა. ამას, 6 თვეში კი არა, არასდროს დაივიწყებს ხალხი _ ეს ის დამღაა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ვერასდროს მოიცილებს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, მათი რჩეული ჩინოვნიკების ბრძანების შედეგი იყო ის, რომ დევნილები სპეცრაზმელებმა ცემა-ტყეპით რომ გამოასახლეს სხვადასხვა შენობებიდან და დახურულ, ნივთებისა და ავეჯის გადასატან  მანქანებში შეყარეს ქალები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები და სამეგრელოში, ფოცხოში ასე ჩაიყვანეს. არადა, რომ ჰკითხო, დიდი ჰუმანისტია ჩვენი პრეზიდენტი და წინასაარჩევნოდ, დევნილებთან სტუმრობისას, კურცხალიც ჩამოუვარდება-ხოლმე ღაწვზე. ნორმალურ ადამიანებს ამგვარი შეურაცხყოფა 6 თვეში არ  ავიწყდებათ, ამის დავიწყებას წლები სჭირდება და პატიებას, კიდევ  მეტი დრო.


მიხეილ სააკაშვილმა და მისმა "ნაცმოძრაობამ" თავისი უგუნური  პოლიტიკით დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20%. დროებით თუ სამუდამოდ, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ქვეყანას 53000 ახალი დევნილი გაუჩნდა, ხოლო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი ყუამდე დავიდა. თაობები  ვერ დაივიწყებენ ამას და ვერ აპატიებენ მიხეილ სააკაშვილს _ 6 თვე რა სახსენებელია?!


1.5 მილიონი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თვეში თითოეული მათგანი 39 ლარს _ პურის ფულს იღებს სახელმწიფოსგან და ამასაც აყვედრიდა ხალხს "ნაცმოძრაობა", ვინც მათ არ აძლევდა ხმას არჩევნებში, იმათ ამ პურის ფულსაც ართმევდა. ასეულობით ასეთი ადამიანი დატოვეს საარსებო საშუალების გარეშე. ეს უკვე სააკაშვილის ხელისუფლების ნოვაცია იყო, მსგავსი რამ  არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა _ მიშას საკუთარი ღატაკები ჰყავდა, პოლიტიკური ნიშნით დაყოფილი  უღარიბესი ფენა.


ათასობით ადამიანს წაართვეს კერძო ქონება "ნაციონალებმა". ბიზნესს ვინღა ჩივის, ვინც მათ დაუპირისპირდა, საცხოვრებლები წაართვეს, ქუჩაში გამოყარეს, ათასობით ოჯახს ცხოვრება დაუნგრიეს. ვინც მაინც ეურჩებოდა, ისინი ციხეებში  გამოკეტეს.


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საშინელებებისა, რასაც სააკაშვილი და მისი პარტია წლების მანძილზე აკეთებდნენ. ამ ყველაფრის მერე, სინდისი არ აწუხებთ და იძახიან _ ხალხს ჩვენი მმართველობა მოენატრება და აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაშიო. თანაც, იმუქრებიან, მალე მოვალთო და ვადაც კი დათქვეს _ 2013 წლის აპრილი.


IRI-ს ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს გამოკითხულთა 13% უჭერს. "ნაციონალებს" IRI-ს კვლევებში ადრე ეჭვი არასდროს შეუტანია და ლამის ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად  მიიჩნევდა მათ რეიტინგებს.  მათივე საყვარელი კვლევითი ორგანიზაციის "განაჩენი" მართლაცდა ადეკვატურია "ნაციონალთა" მიმართ  საზოგადოების მხარდაჭერისა _ 13%.


აპრილისთვის, თუ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა რიტორიკა არ შეცვალა, შესაძლოა, მათ ამხელა რეიტინგიც აღარ ჰქონდეთ. აპრილამდე კი, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, სოციალურ სფეროში, მცირედის, მაგრამ მაინც გაკეთებას აპირებს, ანუ იმის გამოსწორებას აპირებს, რაც "ნაციონალებმა" ჩააოხრეს.


აბა, რისი იმედი აქვთ "ნაციონალებს" სააპრილოდ?


ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: