სოსო ცინცაძე: საზოგადოება ისევ მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა არა „ნაცების“ დაბრუნების

სოსო ცინცაძე: საზოგადოება ისევ მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა არა „ნაცების“ დაბრუნების

„გაუპარსავები, ჭორვილელები, გაუნათლებლები... „ეს პრეზიდენტის შემფასებლური პოზიციის არასრული ნუსხაა. რამდენად ჯდება აღნიშნული კორექტულობის ჩარჩოში, მით უმეტეს, თუ ამას ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს?


ამ და სხვა საკითხებზე „ივერიონი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.


-    ბატონო სოსო, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი საჯარო გამოსვლა, ცოტა არ იყოს, დამამცირებელი შეფასებებით გამოირჩეოდა. ეს ხომ არ მეტყველებს ყოფილი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სამზადისზე?

-    ამას ვაფასებ, როგორც მწვავე რეაქციას! ეს მისი რეაქტიული განცხადებებია, რაც გამოიწვია დაპატიმრებებმა,  უფლებებისა და დაცვის ჩამორთმევაზე პარლამენტისა და პრემიერის საუბარმა...


რაც შეეხება, მის გეგმებსა და ამ გეგმების განხორციელების პერსპექტივებს, ანუ შეძლებს თუ არა პოზიციების აღდგენას? მგონია, რომ სააკაშვილს ამის რესურსი არ გააჩნია. მისი განცხადებები მალე დაბრუნებისა და „ნაციონალების“ აღდგენის შესახებ, არარეალურად მეჩვენება. მოსახლეობის განწყობილება არ უწყობს ამას ხელას. მისთვის ოპტიმალური გამოსავალი   სიმშვიდის შენარჩუნება იქნებოდა.  ხალხმაც უნდა მიივიწყოს ის დამოკიდებულება, რომელიც სააკაშვილის მიმართ არსებობს. მე ამას ვამბობ მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარე. ახლა რაც ხდება, მსოფლიო პრაქტიკისთვის არც პირველია და არც უკანასკნელი. მოვიყვანოთ სააკაშვილზე დიდი პილიტიკოსების მაგალითები: 5-10 წელი კულისებში ყოფილან და მერე გამოსულან პოლიტიკურ ასპარეზზე. იგივე შარლ დე გოლი, რომლის მოღვაწეობა საფრანგეთის ისტორიასთან არის დაკავშირებული, ის  წლების განმავლობაში იყო პოლიტიკის გარეთ. ამიტომ დღეს ამ განცხადებების მარგი ქმედების კოეფიციენტი თვითონ „ნაცმოძრაობისთვის“ არ არის კარგი. სააკაშვილისთვის უმჯობესი იქნებოდა, გაემიჯნოს თავისი პარტიის იმ ოდიოზურ ფრთას, რომლის მიმართაც საქართველოში ალერგიაა უკვე.  არ აქვს მნიშვნელობა, ეს ალერგია სამართლიანი იქნება თუ უსამართლო. ფაქტია, ის არსებობს! ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სააკაშვილის წლის ბოლო მიმართვა - 2013 წელი  პრეზიდენტმა უნდა მიულოცოს ხალხს და საინტერესოა, რა დაპირებებს გასცემს მომავალი წლისათვის? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.


-    რამდენად რეალისტურია „ნაციონალების“  არჩევნების გზით დაბრუნების შესაძლებლობა? ფაქტია, რომ პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის კონსტიტუციური უფლება აქვს...

-    არა მგონია, ასეთი რადიკალური ნაბიჯი  გადადგას, ვინაიდან არჩევნების შედეგის შეცვლა ამ მოკლე პერიოდში შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ: ეს  თვითონ „ნაცებისთვის“ იყოს სასარგებლო, ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა საჭირო თვითონ „ნაცებში“. ისინი შიგნით არ არიან გარკვეული და ღირებულებათა გადაფასების პროცესი მეტად ცუდი აქვთ. მათ აქვთ სერიოზული შეცდომები, რასაც მოჰყვა კიდეც კატასტროფული შედეგი არჩევნებში. პრეზიდენტს ახლა მხოლოდ განცხადებების კეთება შეუძლია, მაგალითად, დააკავეს გვარამია, გამოდის და აკეთებს  განცხადებას, დააკავებენ კიდევ ვიღაცას და მაშინაც,  რა თქმა უნდა, სწრაფი რეაქტიული გამოსვლა ექნება. ის, რომ ამას სისტემური ცვლილებები მოჰყვეს, დრო სჭირდება. მოსახლეობა ან უნდა დარწმუნდეს „ქართული ოცნების“ რეალურ შესაძლებლობასა და პოტენციალში - რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს, ან ხალხი უნდა დავარწმუნოთ საქმით, რომ „ნაციონალებს“ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. სანამ საზოგადოება მოლოდინის პროცესშია, ხსენებული მოძრაობა პოზიციას არ შეცვლის!

-    გამოიკვეთა, რომ აშშ გაღიზიანებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა მათ იმედები გაუცრუა. მიხეილ სააკაშვილის სახით, სასურველი გზა დემოკრატიისკენ გაუმრუდდათ...

-    ამერიკაში იყო არჩევნები და წააგეს „რესპუბლიკელებმა“. მათ ამგვარ შეფასებებზე  ამანაც მოახდინა გარკვეული გავლენა. თვითონ ამერიკას რაც შეეხება, არც მას აქვს დალხენილი მდგომარეობა. ბუშის პერიოდი რიგითი ამერიკელებისთვის უფრო კარგი იყო, ვიდრე დღეს არის. ბოლო პერიოდში  ამერიკელების ელექტორატმა შეიცვალა დამოკიდებულება და ამიტომაც წააგეს „რესპუბლიკელებმა“. თავისთავად ცხადია, დღეს ამერიკა თვითიზოლაციისკენ მიდის. საინტერესოა, იგივე  ავღანეთიდან, როგორ გამოვა ამერიკა, ისე  რომ სახე შეინარჩუნოს  და თალიბებს არ გადაულოცოს ხელისუფლება. ევროპასაც მისი გასჭირვებია! გარე ძალები მხოლოდ რიტორიკულად ერევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, დღეს ეს ბუნებრივია, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს გარე სამყაროში ხდება.

-    ბატონო სოსო, რამდენადაა მოსალოდნელი არჩევნების შემთხვევაში ამერიკის სააკაშვილისადმი მხარდაჭერა ?

-    არა მგონია, ამერიკამ ამ პირობებში მიშას დაუჭიროს მხარი. ამერიკის უკმაყოფილება განაპირობა ამ დაჭერების პროცესმა, რომელიც ალბათ, მალევე შეწყდება. ძირითადად, გარიგებები მიდის. ის, რომ ამერიკამ განაცხადოს ჩვენ მხარს უჭერთ მიშას, ეს არის გამორიცხული. უბრალოდ, მიშამ დასავლეთის მიერ გავლებულ წითელ ხაზს არ უნდა გადააბიჯოს, ამაში იგულისხმება პროდასავლური კურსის შეცვლა პრორუსულით. აი, ის მხოლოდ ნატოზე, ევროკავშიზე და დემოკრატიულ განვითარებაზე თუ უარს არ იტყვის და ძირითადად, რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა... არც ეს მგონია. ახალი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა დაარეგულიროს. აქედან გამომდინარე,  დასავლეთის შეშფოთება  ბუნებრივია. დღეს, როცა ბზეჟინსკი აცხადებს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ამერიკასთან მეგობრობის ფასად არ დაუჯდესო, საყურადღებოა. ბზეჟინსკი არ არის ხელწამოსაკრავი ამერიკაში და მისი გავლენა დიდია „დემოკრატი“ იქნება თეთრ სახლში თუ „რესპუბლიკელი“. ამიტომ, უახლოესი ორი-სამი თვე  საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ტენდენციები  მყარად და ნათლად გამოიკვეთოს.

-    არსებული საგარეო პოლიტიკა ხომ არ გვიბიძგებს იგივე „ევრაზიის კავშირისკენ“ და არა „ნატოსკენ“ ?

-    რაც შეეხება ამ მიმართულებით სვლას, დიდი გარღვევა ამ თვალსაზრისით არ ჩანს. ამის თაობაზე არანაირი განცხადება და მინიშნება არ ყოფილა. „ევრაზიის კავშირი“ ეს პუტინის „ბროლის ოცნებაა“. მისი 6-წლიანი ვადის განმავლობაში, რუსეთისთვის ეს  ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივია, ჯერ უკრაინის რიგია, თუ უკრაინა უხეშად რომ ვთქვათ, შეათრია რუსეთმა, მერე დადგება საქართველოს ჯერიც.


-    ხომ არ მოხდება ეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხარჯზე?

-    საქმე იმაშია, რომ ვერც ერთი მთავრობა საქართველოში, ვერც ერთი პრეზიდენტი და პარლამენტი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მეორე მხრივ, არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურად  შესაძლებელია. უახლოეს მომავალში ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ!

-    გავიხსენოთ, პალესტინის მხარდაჭერა...

-    დღესაც უცნობია ჩემთვის ქართული დიპლომატია, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა როცა ხმას აძლევდა პალესტინას. ამ ნაბიჯით ისრაელი ფაქტია, რომ  სერიოზულად გაღიზიანდა. რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ და რა არგუმენტები ჰქონდა ქართულ დიპლომატიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, ვერ ვიგებ! აღსანიშნავია, რომ  მათ თავი არ შეუწუხებიათ, საკუთარი არგუმენტები გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები. ოდესმე იმედია, მოიცლის ქართული დიპლომატიის სამჭედლო და საზოგადოებას გააცნობს თავის არგუმენტს.

-    როგორ შეაფასებთ უკვე გასულ 2012 წელს  პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით?

-    ეს იყო მნიშვნელოვანი წელიწადი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არჩევნები ღირს ათვლის წერტილად. გავიდა სამი თვე და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოლოდინის პერიოდშია საზოგადოება, კიდევ უფრო იმატა სამართლიოანობის აღდგენის მოლოდინმა.  სამართლიანობის აღდგენით ადამიანი მაძღარი ხდება. რაგინდ  სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობდე და გინდაც უსამართლოში, ყოველთვის მოდის სადილის დრო და  თუ საჭმელი არ გაქვს, რეალობა  საშინელი ხდება. საზოგადოებას მოლოდინი ცოტა  გაუცრუვდა.  უნდა აგვიხდეს სურვილი, რომ მომავალი წელიწადი მაინც დასრულდება რადიკალურად ოპტიმისტურ ნოტაზე.


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გვეცხოვროს სამართლიან, გამთლიანებულ და მაძღარ საქართველოში. ახალ წელს ვხვდებით დიდი იმედებით, ნამდვილად არსებობს ბერკეტები, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესდეს. ამიტომაც არის, რომ ხალხი განსაკუთრებულად ელის ახალ წელს,  ვიდრე ოდესმე.

ესაუბრა ია ადეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: