Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
24-12-2012, 17:39
ნანახია: 1175

ვანო მერაბიშვილი: ელექტროენერგიის ტარიფის დაწევა მოსახლეობის მოტყუებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ელექტროენერგიის ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მოტყუებას უწოდებს.

როგორც მან დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ და მეორე კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შემცირებას  3.54 თეთრით აპირებს.

მისი თქმით, ელემენტარული გათვლებით, საქართვლოს მოსახლეობის 40% - 500 000 ოჯახი, დღეს პირველ კატეგორიაშია. ისინი 100 კილოვატ საათზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ.

„თვეში ასეთი ოჯახისთვის ახალი მთავრობის რეფორმით ეკონომია - 3 ლარი და 54 თეთრი გაკეთდება. ხაზს ვუსვამ, 500 000 ოჯახი ეკონომიას - თვეში 3,54 ლარის ოდენობით მიიღებს. ეს ქართველი ამომრჩევლის მოტყუებაა. ქართველ ხალხს მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, ასეთი მოლოდინი არ ჰქონდა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც სხვა შეღავათებთან ერთად, როგორიც სოფლის მეურნეობა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა იყო,  თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებდა.

მერაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული ვაუჩერები პრაქტიკულად, დეკემბრისთვის უკვე დარიგებული იქნებოდა.

„თუ ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, მაშინ თითო ოჯახი  23 ლარის შეღავათს მიიღებდა. მინდა, ყველამ შეადაროთ ციფრები - 23 ლარი და 3,54 ლარი. შემცირებული თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საკუთარი ჯიბიდან გადახდას და ეს მოჩვენებითი შეღავათი საქართველოს ენერგეტიკის მომავლის ხარჯზე ხდება“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ამასთან, მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იანვრის ბოლოს დიდი კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკას მიეძღვნება.

მისივე განცხადებით, კონფერენციაზე საქართველოში არსებულ ყველა ექსპერტს მიიწვევენ.

„მთავრობის წევრებსაც მოვუწოდებ,  აღნიშნულ კონფერენციას დაესწრონ და საქართვლოს ენერგეტიკის მომავალზე ყველამ ერთად ვიმსჯელოთ. საქართველოს ენერგეტიკის მომავალი მხოლოდ ერთი და ორი პარტიის გადასაწყვეტი არ არის. ეს სრულიად საქართველოს გადასაწყვეტია, ამიტომ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ენერგეტიკას მომავალი ჰქონდეს და ქართველმა ხალხმა რეალური სარგებელი მიიღოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია „ინტერ-რაოს“-ს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად,  კომპანიებთან „თელასი“ და „ენერგო-პრო“ დროებითი მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმები გარდამავალია და მომხმარებლისთვის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სამთვიან სამომხმარებლო ტარიფს 3,5 თეთრით შემცირებას ითვალისწინებს. შემცირება იმ მომხმარებლებს შეეხებათ,  რომლებიც 0-დან 300 კვ ელექტორენერგიას მოიხმარენ.