ირაკლი ალასანია: ვლადიმერ ჩაჩიბაია ყოველთვის ქვეყნის დასაცავად იბრძოდა

ირაკლი ალასანია: ვლადიმერ ჩაჩიბაია ყოველთვის ქვეყნის დასაცავად იბრძოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა.


"დღეიდან ქართული არმიის დაარსებისა, ის იყო იქ, სადაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა. პოლკოვნიკი ჩაჩიბაია მონაწილეობდა აგვისტოს ომშიც და  გამორჩეული იყო ყოველთვის. მას უმაღლესი განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, დამთავრებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯი. სხვათა შორის, ეს კოლეჯი მხოლოდ რამდენიმე ქართველ სამხედროს აქვს დამთავრებული, მათგან სამი - ირაკლი ძნელაძე, ვახტანგ კაპანაძე ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობაშია", - განაცხადა ალასანიამ.


მისივე თქმით, ჩაჩიბაია გაერთიანებულ შტაბში განათლების საკითხებს გაუწევს კურირებას.


წარდგენას გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძეც ესწრებოდა.


გაერთიანებული შტაბის უფროსის ირაკლი ძნელაძის თქმით, ჩაჩიბაიას როლი მნიშვნელოვანი იქნება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც მისი უწყება გეგმავს.


"დღეს მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს ნათელი ხედვა ჯარის განვითარებასთან დაკავშირებით. მან უკვე მომცა პირველი მითითებები და აღნიშნა, რომ არ ერევა სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: