ზაზა გაბუნია: გიგი უგულავამ თბილისის ბიუჯეტი საკუთარ სურვილებს მოარგო

ზაზა გაბუნია: გიგი უგულავამ თბილისის ბიუჯეტი საკუთარ სურვილებს მოარგო

"გიგი უგულავას გადაწყვეტილი აქვს, მოძებნოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საპირწონე". ამის შესახებ ივერიონთან" საუბარში საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.


ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მოსახლეობა 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს კომუნალური გადასახადებისთვის. 100 ლარი 5 თვეზე გადანაწილდება.


ხოლო, სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, ვაუჩერის სახით, 250 ლარს მიიღებს. აქედან 100 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის, ხოლო 150 ლარი პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.


ზაზა გაბუნიას განცხადებით, მერიის ასეთი გადაწყვეტილებები გაუმართლებელია და პოლიტიკური დემაგოგიაა.


"მერიის აღნიშნული ვაუჩერები ერთჯერადი ხასიათისაა, განსხვავებით მთავრობის გადაწყვეტილებისგან, რადგან ეს უკანასკნელი უგულავას ვაუჩერებზე სტაბილურია. თბილისის მერიის ბიუჯეტში, ადმინისტრაციული ხარჯები, სოციალურ ხარჯებს 3-ჯერ აღემატება. ასეთ შემთხვევაში, მისი მხრიდან რაიმე სოციალურ შეღავათებზე ლაპარაკი მიუღებელია", _ აცხადებს გაბუნია.


მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, თბილისის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, 47 მილიონია გამოყოფილი მერიის ადმინიასტრაციულ ხარჯებზე, 23 კი, ჯანდაცვაზე. რაც შეეხება უსახლკაროებს, მათ დასახმარებლად 70 000 ლარია გამოყოფილი.


"მერია და "ნაციონალების" გუნდი ცდილობს, რომ პოლიტიკური ოპონირება გაუწიონ ახალ ხელისუფლებას. ერთჯერადი ვაუჩერებით ცდილობენ ხალხის დაშოშმინებას. ამისგან განსხვავებით, ტარიფების კლება, ერთჯერადი აქტი ნამდვილად არ არის. არ შეიძლება ამ ორი გადაწყვეტილების ერთმანეთთან შედარებაც კი", _ აცხადებს გაბუნია.


მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგენილ ქვეყნის ბიუჯეტს და უგულავს თბილისის ბიუჯეტს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს ბიუჯეტში სოციალური ხარჯები საგრძნობლად აღემატება ადმინისტრაციულ ხარჯებს. ხოლო რაც შეეხება თბილისის ბიუჯეტს, ის მათ სურვილებზეა მორგებული და შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯებიც მეტია.


"უგულავას ტონი და შენიშვნები ხელისუფლების მიმართ, აბსოლიტურად მიუღებელია", _ აცხადებს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავჯდომარე.


ირმა ჭარაქაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: