ეკა ბესელია: ფოთის პორტთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარიგება დაიდო

ეკა ბესელია: ფოთის პორტთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარიგება დაიდო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ფოთის პორტის საკითხი მთავრობის დონეზეა გადასაწყვეტი.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პორტი ფაქიზი თემაა და მასთან დაკავშრებით გარკვეული პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პორტის ყოფილი მეპატრონეების განცხადება შევიდა.

„ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა მაქინაციებით საშუალება არ მისცეს, რომ პორტი ემართათ. ეს ის პერიოდია, სანამ პორტი კომპანია „რაკიას“ გადაეცემოდა. ახლა კი, ყოფილ მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს. ბევრი საკითხია, რომელიც ეჭვს ბადებს“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ყოფილი მფლობელების ინფორმაციით, ბევრი საეჭვო გარიგება დაიდო.

მისი თქმით, პორტი სტრატეგიული ობიექტია და მისი საკითხი მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს.

ბესელიას განცხადებით, პორტთან დაკავშირებით,  საფრთხის შემცველი ორი ფაქტორი არსებობს. კერძოდ, მზადდება დემონტაჟი საიალქნო ფლიგელისა და ე.წ ბერეგის ტერიტორიისა, სადაც ეკლესია მდებარეობს.

„არაფრით არ შეიძლება დაინგრეს ტერიტორია, რომელიც ფოთისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ნგრევას შევაჩერებთ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიმდინარე პროცესს  მხარს უჭერს, რადგან მისივე თქმით, პროცესი გამჭვირვალეა.

მისი განცხადებით, კარგია, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ 4 კანდიდატი იბრძვის. თანამდებობის დაკავების საკითხი კი, კონკურსის წესით უნდა გადაწყდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: