ქართველი ახალგაზრდა თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი ახალგაზრდა თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თურქეთის ქალაქ ხოფაში მოხდა, სადაც საქართველოს მოქალაქე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში მცხოვრები, 24 წლის არჩილ ზაქარაძე დროებით საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა და გარდაცვლილი მის მოსანახულებლად საქართველოდან ჩასულმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმოაჩინეს.


ჯერჯერობით დაუდგენელია სიკვდილის მიზეზები. "გურია ნიუსთან" საუბარში ახლობლები აცხადებენ, რომ გვამის აღმოჩენის დროისთვის, სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო და მას გარეგნული ძალადობის ნიშნები ან სხვა საეჭვო რამ არ ეტყობოდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის თურქმა სამართალდამცველებმა, ექსპერტიზის მიზნით, პროზექტურაში გადაასვენეს.


გარდაცვლილი საქართველოში სამართალდამცველების მიერ, ბათუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით იძებნებოდა, თუმცა, მისი ბრალეულობის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამის გამო, გარდაცვლილი თავს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ ქალაქ ხოფას აფარებდა.


დაღუპულის სამშობლოში გადმოსვენება სასაზღვრო პროცედურების მოგვარების შემდეგ, უახლოეს დღეებში იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: