კახა კუკავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეა

კახა კუკავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს მხარს უჭერს.

როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის საშუალებით უნდა მოხდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ კანონების ან სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტს  გააჩნია, რომელმაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს.

კუკავას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამრთლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია.

„გადაწყვეტილებას კენჭისყრით საქართველოს პარლამენტი იღებს. ამიტომაც, იმპიჩმენტის იდეას მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელი და სასწრაფოა, თუმცა შეშფოთებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააკეთა“, - აღნიშნა კუკავამ.

მისივე თქმით, გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს აღარ განიხილავს.

კუკავას განცხადებით, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს.

„იმპიჩმენტს კონსტიტუციურად ორი საფუძველი აქვს. კერძოდ, თუ პრეზიდენტმა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა და თუ კონსტიტუცია დაარღვია. 9 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტმადანაშაული  ჩაიდინა და კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია. ამიტომ, თუ კი ვთანხმდებით, რომ საფუძვლები არსებობს, მაშინ იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ამასთან, კუკავას განმარტებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს საბოლოო კენჭისყრაზე 100 ხმა სჭირდება. ასევე, შესაძლებელია, რომ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები საგრძნობლად შეთხელდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: