გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარედ ზაზა ონიანი აირჩიეს

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარედ ზაზა ონიანი აირჩიეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტზე ზაზა ონიანის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.

"საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ხურცილავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რამაც ბუნებრივია, დღის წესრიგში  ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დააყენა. ვაფასებ ჩემი კოლეგა დეპუტატების იმ ერთსულოვან თანადგომას, რაც დღევანდელ სხდომაზე ჩემი კანდიდატურისადმი მხარდაჭერით გამოიხატა. ეს კიდევ უფრო მეტად მავალდებულებს, ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დღესვე საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა“, - აღნიშნა „ივერიონთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ზაზა ონიანმა.

ზაზა ონიანი დღემდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო. გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი კანონის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

"ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი გუნდის წევრებით ჩანაცვლება ნორმალური პროცესია, მაგრამ ამან ძალადობრივი  ხასიათი არ უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ სიტუაციას ადგილობრივ დონეზეც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: