ეროსი კიწმარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ტყუის

ეროსი კიწმარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ტყუის

ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "მაესტროს" ყოფილი თანამფლობელი ეროსი კიწმარიშვილი "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთწლიანი დუმილის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საგაზეთო ინტერვიუს ეხმაურება.


მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება. "ასეთ პირობებში მომეცა იმედი, რომ სიმართლის დამტკიცებას შევძლებდი. მე სარჩელი შევიტანე "მაესტროსთან" დაკავშირებით. ასევე არსებობს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავაშირებული სასამართლო "ქეისი", _ აცხადებს კიწმარიშვილი.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა მის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო და ახალაც აგრძელებს მის ლანძღვას.


კიწმარიშვილი იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ყველა შეფასებას, რომელიც მის მიმართ გაუკეთებია და ყურადღებას ამახვილებს პრემირის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას არასდროს დაუფინანსებია ტელეკომპანია "მაესტრო".


"ბიძინა ივანიშვილი ან ტყუის, ან მეხსიერება ღალატობს. 2009 წელს ფონდი "ქართუ" ჩემს მიერ შექმნილი ფონდის "2020"-ის პარტნიორი იყო. მე გავიხსენებ ივანიშვილის განცხადებას _ მერაბიშვილის "რუსთავი 2"-სა და"მაესტროზე" რომ ლაპარაკობს, თვალებში შემომხედოსო. ახლა ვპასუხობ ივანიშვილს: როცა "რუსთავი 2"-სა და "მაესტროზე" ლაპარაკობს მე შემომხედოს თვალებში, მე ძალიან ბევრი რამე ვიცი!" _ აცხადებს კიწმარიშვილი.


მისივე თქმით, ამ თემაზე ალაპარაკება არც ივანიშვილს და არც თავად კიწმარიშვილს არ აწყობს.


"მაესტროს" ყოფილი მფლობელი ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ სამართლიანობის აღდეგენის პროცესის ხელისშეშლაში ადანაშაულებს და აცხადებს: "საჯაროდ დაადასტუროს ჩემი საქმიანობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ან საჯაროდ უკან წაიღოს თავისი სიტყვები!"


კიწმარიშვილის თქმით, ის რამდენიმე დღეში კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს, ამჯერად ადვოკატებთან ერთად "რუსთავის მართვის ჯგუფის" წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. ის კიდევ  ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა არც არასდროს შეუწყვიტია და არც მომავალში შეწყვეტს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: