რას აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია?

რას აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და  იმ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს, რომელიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ეხება.


„ივერიონი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ცვლის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს და ითვალისწინებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.


აღნიშნულთან დაკავშირებით, უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განაცხადოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ახალი წესების შემოღების მიზნით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ისე, რომ მასში არ იქნას ჩართული საარჩევნო პროცესებით დაინტერესებული საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერ გახდება დადებითი შედეგების საფუძველი საარჩევნო სისტემის სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნებისთვის.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა განიხილოს კანონპროექტი დაჩქარებული წესით და უნდა უზრუნველყოს მის განხილვაში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: