შეიარაღებულ ძალებს 800 წვევამდელი შეემატა

შეიარაღებულ ძალებს 800 წვევამდელი შეემატა

საქართველოს შეიარაღებული ძალების 800-მა წვევამდელმა დღეს, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ფიცი დადო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიულოცა და სიტყვით მიმართა.

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში სამსახური, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტია. ჩემი, როგორც სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანაა სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო პირობების შექმნა“, - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, ბევრ მათგანს სამხედრო კარიერის გაგრძელების სურვილი ექნება.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, II ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერა და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბაზების ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება.

საზეიმო ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფიცის მიღების შემდეგ, წვევამდელები კაპელანმა მამა იოსებმა დალოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: