ვეძებ პრეზიდენტს! კანდიდატი №3 ნინო ბურჯანაძე

ვეძებ პრეზიდენტს! კანდიდატი №3 ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი მზად არის ნებისმიერი დონის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭს იყრის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. დიახ, ბურჯანაძემ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო.

 

ექსპერტები მის წინასაარჩევნო ტაიმ-აუტს გონივრულ ნაბიჯად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ექს-სპიკერმა ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერა მოინდომა: პირველი, ივანიშვილს ხმები არ წაართვა და ამით მასთან მისასვლელი გზაც დაიტოვა. მეორე, არჩევნებში მიღწეული წარუმატებლობა (დაბალი პროცენტული შედეგი) მას და მისი პარტიის იმიჯს საფრთხეს შეუქმნიდა და საპრეზიდენტო ამბიციებზე ხელს ააღებინებდა. ერთი სიტყვით, ბურჯანაძემ სწორი პოლიტიკური გათვლა გააკეთა.

 

ის, რომ პარლამენტის ექს-სპიკერს და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდებოდა, ეს გაცილებით ადრე იყო ცნობილი. ისმება კითხვა: რა პოლიტიკური დივიდენდებით წარსდგება ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის წინაშე?

 

მართალია, შეცდომები ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსისთვის უცხო არ არის, მაგრამ, ყველაზე დიდ შეცდომად მას 26 მაისის აქციას უთვლიან, რომელსაც სისხლიანი დარბევა მოჰყვა. მავანნი თვლიან, რომ "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა სასაკლაოზე ხალხი შეგნებულად წაიყვანა, რადგან წინასწარ უნდა სცოდნოდა, რომ სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი "მუშტის მოღერებას" (მრავალათასიან საპროტესტო აქციას) არ გადაყლაპავდა!

 

მართალია, ამ დღეებში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში 26 მაისის აქციის გამართლების მცდელობა იგრძნობა ("26 მაისმა მოიყვანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში"), მაგრამ აშკარაა, რომ ამ ლაქას ასე იოლად ვერ მოიშორებს! ვის-ვის და სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმთან თანაშეზრდილ ექს-სპიკერს აუცილებლად უნდა გაეთვალა, თუ რით შეიძლებოდა დამთავრებულიყო "ამძუნებული დათვის" გაღიზიანება ასეთი მწირი რესურსების (მომიტინგეთა რაოდენობას ვგულისხმობ) პირობებში.

 

ბურჯანაძეს ლაქად ისიც აცხია, რომ რევოლუციური ტრიუმვირატის ერთ-ერთი აქტიური მებაირახტრეა და მიუხედავად ოპოზიციაში გადასვლისა, თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე (ის, რომ თვითონ არ იღებდა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრება!). უნდა ითქვას, რომ "ვარდების რევოლუციის ბობოქარ დღეებში სააკაშვილი ბურჯანაძის,როგორც ქალი პოლიტიკოსის და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯს ამოეფარა და თვითონ მოხერხებულად გავიდა "დამკაში"!

 

ბურჯანაძეს ნაკლად უთვლიან იმასაც, რომ მან, როგორც ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემქსრულებელმა, ვერ გამოიყენა თავისი უფლებები და ხელი არ შეუწყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების (თუ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში უნებლიე თანამონაწილეობის) გათვალისწინებით მას საკმაოდ მძიმედ მოუწევს საკუთარი პოლიტიკური რენომეს რეაბილიტაცია-რეინკარნაცია!

 

ახლა რაც შეეხება იმ პოზიტივს, რომელიც ბურჯანაძეს არსებითად გამოარჩევს კოლეგა-პოლიტიკოსებისგან.

 

აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობამ და ორგზის პარლამენტის ექს-სპიკერობამ იგი ჩამოაყალიბა როგორც მოზომილი პოლიტიკოსი, რომელსაც ანგარიშს უწევენ როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთშიც (სხვა საკითხია, თუ რატომ არ აიღეს ფსონი მასზე, როგორც სააკაშვილის შემცვლელზე ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა). ბურჯანაძე ფლობს თანამედროვე პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ მანერებს, აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი (კარგი ორატორია) და საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება. საჭიროების შემთხვევაში არ უჭირს კომპრომისზე წასვლა. მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები გვაფიქრებინებს, რომ იგი აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს და ცდილობს წერტილოვანი დარტყმებით დროულად მოახდინოს საკუთარი პოლიტიკური იმიჯის რეაბილიტაცია. 

 

ქალბატონ ნინოს საკუთარი ხედვა აქვს ქართული ფასეულობების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ყველა თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსი, უპირატესობას დასავლური სტანდარტების უპირობოდ დამკვიდრებას ანიჭებს. რაც მისი პარლამენტის სპიკერად მუშაობის პერიოდში მრავალგზის დადასტურდა. 

 

ასეა თუ ისე, თავისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა კოალიციის მხარდაჭერის გარეშე გამარჯვების შანსი, როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის, მისთვისაც საკმაოდ მცირეა: აქვე ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას: შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენისას ივანიშვილი დილემის წინაშე აღმოჩნდეს _ თუ იგი მომავალ პრეზიდენტად კოალიციის გარეთ არსებული პარტიიდან, ან თუნდაც უპარტიოს დაასახელებს, არ გამოვრიცხავ, კოალიციის დაშლის საფრთხე შეექმნას, რაც მას სხვა არჩევანის წინაშე დააყენებს. თუ ეს მოხდა, საკმაოდ სწორი და ბუნებრივი პროცესი იქნება _ ივანიშვილი ხელოვნურად შეკოწიწებული ძალებისგან განთავისუფლდება და ქვეყანაც მოსალოდნელ გართულებებს თავიდან აიცილებს!

 

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ექნება თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: